უნგრეთის მთავრობამ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასები „გაყინა“

უნგრეთის მთავრობამ, ინფლაციის შეჩერების მიზნით, შვიდ ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასები „გაყინა“. პორტალ RetailDetail-ის ცნობით, მთავრობის მიერ სურსათზე დაწესებული ფიქსირებული ფასები სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

საცალო მოვაჭრეებმა 2021 წლის 15 ოქტომბრის გასაყიდი ფასები შვიდ ძირითად პროდუქტზე უნდა შეინარჩუნონ. მათ, ასევე, უნდა გააგრძელონ იმავე პროდუქტებისა და მოცულობის შეთავაზება, რაც ბაზარზე იმ დღეს გამოჰქონდათ და თაროებიდან პროდუქციის მოხსნის უფლება არა აქვთ.

ეს შვიდი პროდუქტია: ქათმის მკერდი, ქათმის კუდი, რძე, შაქარი, ღორის ფეხი, მზესუმზირის ზეთი და ხორბლის ფქვილი.

საცალო მოვაჭრეებს, რომლებიც 15 ოქტომბერს ამ პროდუქტებს ფასდაკლებით ყიდდნენ, შეუძლიათ, პირვანდელი ფასი გამოიყენონ.

„ამ ნაბიჯმა ბაზრის ანომალიების მავნე შედეგები უნდა აღკვეთოს," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ფასთა ლიმიტი 1-ლი თებერვლიდან 1-ელ მაისამდე იმოქმედებს. მთავრობის გადაწყვეტილებას უნგრეთში, გაზაფხულზე დანიშნულ არჩევნებს უკავშირებენ. ამდენად, ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას გმობს და სანაცვლოდ, ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დღგ-ის 5%-მდე შემცირების ინიციატივით გამოდის. ოპოზიციის მტკიცებით, ტვირთი საცალო მოვაჭრეებს ადგებათ, რაც მთავრობის მხრიდან უპასუხისმგებლობაა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ისტვან ნაგი საპასუხოდ აცხადებს, რომ „სოციალური სოლიდარობის“ გამოვლენა საცალო მოვაჭრეებსაც შეუძლიათ, ხოლო საკვები პროდუქტების მწარმოებლები და გადამამუშავებელი კომპანიები უარყოფითი შედეგებისგან ნებისმიერ შემთხვევაში დაცული არიან, რადგან საცალო მოვაჭრეებს კანონით არა აქვთ უფლება, მათთან ხელშეკრულებები გაწყვიტონ.

ახალი რეგულაციის პირველივე დარღვევისთვის 50 000-დან 3 მლნ ფორინტამდე (140-დან 8400 ევრომდე) ჯარიმა არის გათვალისწინებული. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას შესაძლოა, ექვსთვიანი იძულებითი დახურვაც დაემუქროს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ