ქვეყნები, რომლებმაც 2022 წელს მოგზაურობის გადასახადები დააწესეს

ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე ქვეყანამ დააანონსა, რომ ტურისტული გადასახადის დაწესებას აპირებდა. 2022 წლის დასაწყისში მათი რიცხვი გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ტურისტული გადასახადი სიახლე ნამდვილად არაა და ზოგიერთ ქვეყანაში, შესაძლოა, უკვე გადახდილიც გვაქვს სასტუმროს ფასთან ან ბილეთთან ერთად.

როგორც ცნობილია, 2022 წლიდან შენგენის ზონაში შესასვლელად არა-ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ახალი გადასახადი წესდება. როგორც ცნობილია, შენგენის ზონაში შესვლის დროს მგზავრებს აპლიკაციის შევსება და 7 ევროს გადახდა მოუწევთ, რომლის გარეშეც საზღვარს ვერ გადაკვეთენ.

Euronews-ის ინფორმაციით, აპლიკაციის შევსების დღიდან ის აქტიური 3 წლის განმავლობაში იქნება. შესაბამისად, თუ შენგენის ზონაში 3 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვალთ, გადასახადის თავიდან გადახდა აღარ მოგიწევთ.

გთავაზობთ იმ ქვეყნების სიას, რომლებშიც 2022 წელს მოგზაურობის გადასახადი იმოქმედებს:

ტაილანდი

ტაილანდში მოგზაურებისთვის გადასახადი აპრილიდან დაწესდება და 300 ბატი (28 ლარი) იქნება. ტაილანდის ხელისუფლების თქმით, გადასახადებიდან შეგროვებული თანხა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

ავსტრია

ავსტრიაში ჩასულ ტურისტებს სასტუმროს ნომრის გადასახადზე 3% დაემატებათ.

ბელგია

ავსტრიის მსგავსად ბელგიაში ჩასულ ტურისტებს დამატებითი გადასახადი ნომრის ქირაობასთან ერთად მოუწევთ, რაც დაახლოებით 7.5 ევრო იქნება.

ჩეხეთი

ჩეხეთში დამატებით გადასახადი საკმაოდ დაბალია - თითოეულ ტურისტს ერთი ღამით დარჩენის დროს დაახლოებით 1 ევროს გადახდა უწევთ.

საფრანგეთი

საფრანგეთში დამატებითი ტურისტული გადასახადი ასევე სასტუმროზეა მიმაგრებული და 20 ცენტიდან 4 ევრომდე მერყეობს ერთი ღამის განმავლობაში.

გერმანია

გერმანიაში ტურისტული გადასახადი სასტუმროს ნომრის საფასურთან ერთადაა და დამატებით 5%-ს შეადგენს.

საბერძნეთი

საბერძნეთში ტურისტული გადასახადი დამოკიდებული სასტუმროს ნომრის საფასურზე და 0-დან 4 ევრომდე მერყეობს.

იტალია

იტალიაში ტურისტული გადასახადი რეგიონზეა დამოკიდებული და 3-დან 7 ევრომდე მერყეობს.

იაპონია

იაპონიაში ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებული სისტემა მოქმედებს. ტურისტები ქვეყნის დატოვებისას იხდიან 1 000 იენს (27 ლარი).

ნიდერლანდები

ნიდერლანდებში ტურისტული გადასახადი სასტუმროს ნომერს ემატება და დამატებით 7%-ს შეადგენს.

ესპანეთი

ესპანეთში ტურისტული გადასახადი ყველაზე მაღალი ცნობილ კურორტებზე - მალიორკაზე, იბიცასა და მენორკაზეა. ერთი დღის განმავლობაში ის 4 ევრომდე მერყეობს.

აშშ

აშშ-ში ტურისტული გადასახადი ასევე სასტუმროზეა მიბმული და მისი კონკრეტულ შტატზეა დამოკიდებული. მაგალითად,ყველაზე მაღალი გადასახადი, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონშია და ნომრის 17% შეადგენს.

ბექა ბერიაშვილი