შრომითი ურთიერთობის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30-თვიან პროექტს განახორციელებს

საქართველოში შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის მხარდასაჭერად დღეს, "თბილისი მარიოტში" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და განხორციელდება 30-თვიანი პერიოდის განმავლობაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობასთან, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სოციალური პარტნიორები: საქართველოს შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე. ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის რეგიონული დირექტორი ჰაინც კოლერი, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროს სააგენტოების, საელჩოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.