”მაგთის” აბონენტების რაოდენობა იკლებს, "ბილაინისა" და "ჯეოსელის" - იმატებს

4 G რბოლები

ტელეეთერში სარეკლამო რგოლები, სადაც ესა თუ ის მობილური ოპერატორი მომხმარებელს მეოთხე თაობის ინტერნეტს სთავაზობდა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. თუმცა რეალურად, საქართველოში 4 G ინტერნეტტექნოლოგია მხოლოდ 1 თებერვალს ამოქმედდა. მომხმარებელი ეს-ესაა ეცნობა, რა პირობით და რა ფასად მიიღებს ამ მომსახურებას მობილური კომპანიებისგან, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მეოთხე თაობის ინტერნტი 7-ჯერ სწრაფია, ვიდრე მისი წინამორბედი.

ცნობილია, რომ გასული წლის 29 დეკემბერს გამართულ აუქციონზე, კომპანია "ბილაინმა" 4 G ტექნოლოგიის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია, დაახლოებით 51 მილიონ ლარად შეიძინა. რაც შეეხება "მაგთის" და "ჯეოსელს", მათ მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრის მოცულობა, შესაძლებლობას იძლევა, რომ ამ კომპანიებმა უზრუნველყონ მეოთხე თაობის სწრაფი ინტერნეტით მომსახურება. როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, სამივე მობილური ოპერატორი ერთიან სასტარტო პირობებში დგება და აქვთ შესაძლებლობა, ერთდროულად შესთავაზონ მომხმარებლებს მეოთხე თაობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი.

ის, რისთვისაც ”ბილაინმა” რამდენიმე ათეული მილიონი გადაიხადა, თავის დროზე, "ჯეოსელმა" და "მაგთიმ" ძალიან იაფად ჩაიგდეს ხელში. მაშინ "ჯეოსელის" უკან კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი ფრიდონ ინჯია იდგა, რომელმაც თურქული "თურქსელის" საქართველოში შემოსვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, "მაგთის" ამოქმედება კი, მაშინდელი პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის სიძეს, გია ჯოხთაბერიძეს დაუკავშირდა. ჯოხთაბერიძემ ამერიკული "მეტრომედიას" კაპიტალით და სიმამრის გავლენის წყალობით "მაგთი" გარკვეულ მანძილზე საქართველოში თითქმის უკონკურენტო ოპერატორად გადააქცია. შევარდნაძის ხელისუფლების შესუსტებას კი "ჯეოსელის" მომძლავრება მოჰყვა, მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარება საქართველოში 19 წლის წინ დაიწყო. პირველი მობილური ოპერატორი საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში გაჩნდა - 1996 წელს ადგილობრივ ბაზარზე "მეგაკომი" შემოვიდა. ნამდვილი "ფიჭური ბუმი" 1997 წლის მარტში დაიწყო, როცა ქვეყანაში პირველი GSM-ოპერატორი "ჯეოსელი" გამოჩნდა. მას ფეხდაფეხ ”მაგთი" მოჰყვა და ეს ტანდემი 10 წლის განმავლობაში ბაზარს მეტ-ნაკლებად თანაბრად იყოფდა და კოლოსალურად მაღალი ტარიფებით მუშაობდნენ: ჯეოსელი - 28.8 თეთრი; მაგთი - 32 თეთრი. ამ ორ მობილურ ოპერატორს ტარიფები რომ ხელოვნურად ჰქონდათ გაზრდილი, ამ დასკვნამდე კომუნიკაციების ეროვნული კომისია კვლევის შედეგად მივიდა. "მაგთი" და "ჯეოსელი" მაღალი ტარიფების დაწესების გამო არ დაჯარიმებულან, რადგან მაშინ არ არსებობდა მარეგულირებლის მიერ დადგენილი ზღვრული ფასები, რის გამოც მათ ჰქონდათ თავისუფლება ტარიფებთან დაკავშირებით და  შესაბამისად, მარეგულირებელს მათი დაჯარიმების უფლებამოსილება არ ჰქონდა.  2007 წლამდე ეს ორი კომპანია წარმოუდგენლად დიდ შემოსავალს იღებდა. მას შემდეგ, რაც შპს "მობიტელი" ქართულ ბაზარზე დაბალი ტარიფებით შემოვიდა, ახალი ვითარება შეიქმნა. "მაგთი" და "ჯეოსელი" იძულებული გახდა, სატარიფო პოლიტკისთვის გადაეხედა. 2011 წელიდან კი მარეგულირებელმა კომისიამ დააწესა ზედა ზღვრული ტარიფი - 24 თეთრი.

"საშუალოდ ორ წელიწადში ერთხელ კომისია გადახედავს ხოლმე ამ ტარიფებს და 22-თეთრიანი ტარიფი ჯერ 18,8 თეთრამდე შეამცირა, შემდეგ 14,8 თეთრამდე, 11 თეთრამდე, 8 თეთრიანი ტარიფიც გვქონდა. შემდეგ კიდევ ერთხელ შეიცვალა და 6 თეთრინი ტარიფი დაწესდა, რომელიც პერიოდულად იცვლებოდა და ბოლოს იყო 5 თეთრიანი ტარიფი და მიმდინარე წლის ოქტომბერში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც 2015 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში, მობილური საბითუმო ბაზრის ტარიფი 3,5 თეთრს შეადგენს", - განაცხადა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანმა, ხატია ყურაშვილმა. მისივე თქმით, განსაკუთრებით კონკურენტული გახდა ბაზარი პორტირების ამოქმედების შემდეგ. "ამ ცვლილებამ კონკურენცია კიდევ უფრო გაამძაფრა. სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით და სატარიფო შეთავაზებებით, თითოეული მობილური ოპერატორი აბონენტების გადაბირების კამპანიას აწარმოებდა", - აცხადებენ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში.

bpn

მობილურ კომპანიებს კი დღეს 4, 704, 588 აბონენტი ჰყავს, რომელთაგან 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, "მაგთის" წილად 1, 717, 516 აბონენტი მოდის, 1, 733, 699 ჰყავს "ჯეოსელს" და 1, 224, 293 "ბილაინის" აბონეტია. კიდევ 29 ათასზე ცოტა მეტი აბონენტი მოდის ”სილქნეტის” წილად. საინტერესოა, რომ სტატისტიკის თანახმად, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული, "მაგთის" აბონენტების რაოდენობა, 2014 წელს ყოველთვიურად იკლებს, ხოლო "ბილაინის" და "ჯეოსელის" - იმატებს. მაგალითად გასული წლის იანვარში ”მაგთის” აბონენტების რაოდენობა თითქმის ორ მილიონს აღწევდა. რაც შეეხება შემოსავლებს, 2014 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, მობილური კომპანიების შემოსავლებმა ჯამში 36, 451, 629 ლარი შეადგინა. აღნიშნული კი ასე გადანაწილდა: "მაგთიკომი"- 15, 560, 421 ლარი, "ჯეოსელი" - 13, 667, 027 ლარი, ხოლო "ბილაინი" 7, 067, 433 ლარი.

რუსუდან ობოლაშვილი