"სახალხო აფთიაქი" რეაბილიტაციის პროცესში შევიდა - უკვე დაიხურა აფთიაქების ნაწილი

„სახალხო აფთიაქი“ რეაბილიტაციის პროცესში შევიდა. კომპანიამ წლების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით უკვე დახურა 85 აფთიაქიდან თითქმის ნახევარი. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაში. სასამართლოს განჩინების მიხედვით, სააფთიაქო ქსელში შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა კომპანიის რეაბილიტაციის პროცესის დაწყება.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2022 წლის 12 იანვარს განცხადებით მომართა მოვალე შპს „სახალხო აფთიაქის“ წარმომადგენელმა, პაპუნა ტოლიაშვილმა, სადაც განმარტა, რომ შპს „სახალხო აფთიაქი“ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ოპერირებს 2004 წლიდან და ახორციელებს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციითა და დამხმარე და სახარჯი მასალებით საბითუმო და საცალო ვაჭრობას. წლების განმავლობაში, კომპანია ახორციელებდა ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის იმპორტს 15-ზე მეტი ქვეყნიდან და თავის ცენტრალური საწყობის/ბაზის საშუალებით ამარაგებდა არაერთ მსხვილ კლინიკურ ქსელს შესაბამისი პროდუქციით, თუმცა ამჟამად გართულებული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოკლებულია აღნიშნულ შესაძლებლობას. კომპანიის წილების 50%-ის მესაკუთრე, ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია, რომლის დაზღვეულებსაც, პრიორიტეტული პროვაიდერის სტატუსით, წლების განმავლობაში ემსახურებოდა შპს „სახალხო აფთიაქი“, გავიდა კოპანიის მართვიდან და აღნიშნული პროვაიდერობის კონტრაქტის დაკარგვით, კომპანიას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად შეუმცირდა რეალიზაცია და შესაბამისი შემოსავალი, რის გამოც, კომპანია იძულებული გახდა, ქვეყნის მაშტაბით მოქმედი 85 აფთიაქიდან, ეტაპობრივად დაეხურა ნახევარზე მეტი, შეიქმნა ქსელის საჭირო პროდუქციის მომარაგების პრობლემა, რის საფუძველზეც გაუარესდა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და შესაბამისად, გაიზარდა მისი კრედიტორული ვალდებულებები, რის საფუძველზეც კომპანია იმყოფება გადახდისუუნარობის მდგომარეობაში, რაც გახდა საფუძველი, რომ შპს „სახალხო აფთიაქი“ შემოსულიყო სასამართლოში შპს „სახალხო აფთიაქის“ მიმართ გადახდისუუნარობის პროცესის დაწყების მოთხოვნით, რეაბილიტაციის გზით და მოვალის მართვაში დატოვებით.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „სახალხო აფთიაქის“ დირექტორის, პაპუნა ტოლიაშვილის განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

განჩინების შედეგად, "სახალხო აფთიაქის" მიმართ ჩერდება მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება.

„განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „სახალხო აფთიაქი“ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მფლობელები არიან: შპს სახალხო აფთიაქის განვითარების ფონდი - 50%; შპს სახალხო აფთიაქი სინერჯი - 25%; ბესიკ კვირკვია - 15%; მარინა ზენაიშვილი - 10%. „სახალხო აფთიაქის“ დირექტორია პაპუნა ტოლიაშვილი.