2015 წლის 4 მარტიდან სილქნეტის ინტერნეტ და სატელევიზიო სერვისებზე პირობები იცვლება

კომპანიის ინფორმაციით, ცვლილება შეეხება Silk ოპტიკურ / DSL ინტერნეტ პაკეტების სიჩქარეს, იზრდება Silk ოპტიკური / DSL ინტერნეტ და ძირითადი TV, ასევე თემატური პაკეტების ღირებულება.

ამავე პერიოდიდან გაუქმდება პაკეტები Region და Mini და მომსახურების გაწევა მოხდება Standard პაკეტის პირობების მიხედვით.

კომპანია სილქნეტის სტრატეგიული განვითარების განყოფილების დირექტორის, ილია ენუქაშვილის ინფორმაციით, ტარიფების მატება ინტერნეტის სიჩქარეების ზრდას და საბაზრო ფასებთან გათანაბრების მცდელობას უკავშირდება:  ”საბაზისო პაკეტებში ოპტიკურ და DSL ინტერნეტზე ინტერნეტის სიჩქარე იზრდება 100%-200%-ით. ამასთან ერთად, იცვლება ინტერნეტისა და ტელევიზიის ფასები. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, სილქნეტის ფასები საბაზრო ფასებს გაუსწორდა. ფასების გადახედვამდე საკმაოდ გრძელი პერიოდის განმავლობაში კომპანიამ შეძლო საბაზრო ფასებზე დაბალი ფასები დაეკავებინა, ახლა კი გადაწყვიტა, ფასები გაეთანაბრებინა”.

მისივე თქმით, მომხმარებელთა აქტიურობიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო სიჩქარის გაზრდა: “ჩვენი მომხმარებელი სულ უფრო მეტს მოიხმარს გრძელი და მოკლე ფორმატის ვიდეო კონტენტს, ინტერნეტში ტვირთავს ფოტოებსა და ვიდეოებს, იზრდება ინტერნეტში ჩართული მოწყობილობების რაოდენობა, იზრდება მოხმარებული ვიდეოს რეზოლუცია. შესაბამისად, მკვეთრად გაზრდილია მოთხოვნა ინტერნეტის სიჩქარეზე. ხოლო გაზრდილი მოხმარების და მოთხოვნილი სიჩქარის უზრუნველსაყოფად, „სილქნეტი“ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს საკუთარი ქსელის ყველა მონაკვეთსა და კომპონენტში. სწორედ ამ ინვესტიციების შედეგია ინტერნეტის სიჩქარეების ისეთი მკვეთრი მატება, რომელსაც 4 მარტიდან ვგეგმავთ. ეს ეხება ტელევიზიასაც, სადაც იზრდება HD კონტენტის მოხმარება და მოთხოვნა IPTV-ს თანამედროვე ტექნოლოგიებზე”.

ცნობისათვის: ოპტიკური ინტერნეტის (Silk Optic) Start პაკეტის ღირებულება არსებული ტარიფით 20 ლარს შეადგენს. ახალი ტარიფებით კი მისი ფასი 26 ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ძველი პაკეტის სიჩქარე 5 მბ/წმ იყო, ახალი 26 ლარიანი პაკეტის სიჩქარე კი 10 მბ/წმ იქნება.  DSL ინტერნეტის Standard პაკეტის ღირებულება არსებული ტარიფით 37 ლარია, ახალი ტარიფით კი Standard პაკეტი 45 ლარი ეღირება. აქაც იცვლება სიჩქარე: თუ ადრე აღნიშნული პაკეტის სიჩქარე 3 მბ/წმ იყო, ამჟამად მისი სიჩქარე 6 მბ/წმ-მდე გაიზრდება. იზრდება Silk TV-ის თემატური პაკეტების ღირებულებაც. თუ ამჟამად ”სპორტი”, ”კინო”, ”პლიუსი”, ”ჰობი”, ”საბავშვო” 5 ლარი ღირს, 4 მარტიდან ეს პაკეტები 10 ლარი ეღირება. ასევე 5 ლარით იზრდება ”HD” და ”18+” - ის ღირებულებაც. უცვლელი რჩება ”Silk სპორტის” ღირებულება - 10 ლარი. 5-დან 10 ლარის ფარგლებში იზრდება Silk TV-ის ძირითადი პაკეტების ღირებულებაც, თუმცა უცვლელი რჩება Standard პაკეტის ფასი: 9 ლარი.