თბილისის რომელ უბანში რა ღირს სახლები - სად და რამდენით გაძვირდა საცხოვრებელი

2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 1.2 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 8.5 პროცენტით არის გაზრდილი. ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.3 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6 პროცენტი). 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ასევე დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - კერძო სახლებზე 1.6 პროცენტით, ხოლო ბინებზე 1 პროცენტით.

„საქსტატმა“ გამოაქვეყნა კერძო სახლების ფასები 1კვ. მეტრზე, თბილისის სხვადასხვა უბნის მიხედვით:

  • მთაწმინდა - 3 240 ლარი;
  • ვაკე - 3 155 ლარი;
  • საბურთალო - 2 740 ლარი;
  • დიდუბე - 2 500 ლარი;
  • კრწანისი - 2 290 ლარი;
  • ჩუღურეთი - 2 240 ლარი;
  • ისანი - 2 210 ლარი;
  • სამგორი - 2 065 ლარი;
  • ნაძალადევი - 1 870 ლარი;
  • გლდანი - 1 690 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის მე-4 კვარტალში, წინა (მე-3) კვარტალთან შედარებით, 1 კვ, მეტრზე ფასები გაიზარდა 6 რაიონში, ხოლო 4-ში შემცირდა. კერძოდ, ფასები 1 კვ. მეტრზე გაიზარდა შემდეგ რაიონებში:

  • საბურთალო - 90 ლარით;
  • კრწანისი - 30 ლარით;
  • ისანი - 80 ლარით;
  • დიდუბე - 555 ლარით;
  • ნაძალადევი - 20 ლარით;
  • სამგორი - 335 ლარით.
თაია არდოტელი