ნავთობზე მსოფლიო ფასი კლებას განაგრძობს

პარასკევის ბირჟაზე უმნიშვნელო მატების შემდეგ, ნავთობზე მსოფლიო ფასი კლებას განაგრძობს.

”როიტერის” ინფორმაციით, ”ბრენტის” მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე 1,06 დოლარით შემცირდა და დღევანდელი დილის მონაცემებით, 51,93 დოლარი შეადგინა, WTI-ის მარკის ნავთობზე ბარელზე ფასი კი 1,02 დოლარით გაიაფდა და 47,24 დოლარი დაფიქსირდა.

დღეს დილით მსოფლიო ნავთობზე ფასების ვარდნას ანალიტიკოსები აშშ-ში საბურღი მოწყობილობების რაოდენობის შემცირებას უკავშირებენ, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმს მიაღწია. როგორც გასული კვირის ბოლოს ნავთობსაგაზო სერვის კომპანია Baker Hughes-მა განაცხადა, საბურღი მოწყობილობების რაოდენობა 90-ით შემცირდა და 1 543 შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებლია. დღევანდელ ბირჟაზე ნავთობის ფასის კლების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ასევე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების თანამშრომელთა გაფიცვაც.

1980 წლის შემდეგ, პირველად აშშ-ში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომელთა მასშტაბური გაფიცვა გუშინ დაიწყო. გაფიცვაში 3 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. აშშ-ის 200-ზე მეტი ნავთობკომპანიის თანამშრომელთა ინტერესების დამცველი გაერთიანებული პროფკავშირები კომპანიებისგან თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.