"ენერგო-პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის გადამცემ ხაზზე "ტვიში" სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის გადამცემ ხაზზე "ტვიში" სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

”ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, რეაბილიტაციის შედეგად, წყალტუბოსა და ცაგერის რაიონის სოფლების 90-მდე აბონენტის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება. "10 კვ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი "ტვიში" ელექტროენერგიას აწვდის წყალტუბოს რაიონის სოფლებს - ონჭეიში, დერჩი და მექვენა; ხოლო ცაგერის რაიონში – სოფლებს - ტვიში, ლახეფა, ქორენიში და ორხვი. აღნიშნული ხაზი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში 1954 წელს შევიდა. მისი საერთო სიგრძე 17,5 კილომეტრია",- აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განცხადებით, რეაბილიტაციის შედეგად, ხაზზე აშენდა ახალი 4 კილომეტრიანი მონაკვეთი, დამონტაჟდა 12 კმ ახალი სადენი და ამორტიზებული ხის საყრდენები რკინაბეტონის ბოძებით შეიცვალა. კომპანიის განცხადებით, გადამცემ ხაზზე განხორციელებული სამუშაოები ზემოთ დასახელებული სოფლების სტაბილურ ენერგომომარაგებას შეუწყობს ხელს.