კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "სილქნეტს" და "კავკასუს ონლაინს" ახალი ვალდებულებები დააკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ბაზრის ქვესეგმენტზე ჩატარებული კონკურენციის კვლევის და ანალიზის შედეგად, მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორებად სს "სილქნეტი" და შპს "კავკასუს ონლაინი" მიიჩნია.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე ატარებს კონკურენციის კვლევას და ანალიზს, ადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს და უწესებს მათ სპეციფიკურ ვალდებულებებს. ესენია: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვა, სატარიფო რეგულაცია და ხარჯთაღრიცხვა, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვება და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა.

მათივე ინფორმაციით, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ბაზრის ქვესეგმენტზე წინა კონკურენციის კვლევა კომისიამ 2013 წელს ჩაატარა. აღნიშნული კვლევის შესაბამისად, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ბაზრის ქვესეგმენტზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებად კომისიამ მაშინ, სს "სილქნეტის" და შპს "კავკასუს ონლაინის" გარდა, შპს "ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი"/შპს "სისტემ ნეტიც" მიიჩნია და მხოლოდ ინფორმაციის გამჭვირვალობის და დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულება დააკისრა.

2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, კომისიამ დაადგინა, რომ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ბაზრის ქვესეგმენტზე საბაზრო წილების გადანაწილების სურათი შეცვლილია და მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორებად მხოლოდ სს "სილქნეტი" და შპს "კავკასუს ონლაინი" განსაზღვრა. კომისიამ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ორივე კომპანიას შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინიაციის აკრძალვა, სატარიფო რეგულაცია (ზედა ზღვრული ტარიფი 32 ლარი ერთ მეგაბიტზე) და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა.