რა ქონებას ფლობს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.

საინტერესოა როგორია ხარჩილავას ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობა. 2022 წლის 20 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გია ხარჩილავას შემოსავალმა წალენჯიხის მერის პოზიციაზე 2021 წლის 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 2 739 ლარი შეადგინა, ასევე გასული წლის 18 ნოემბრამდე პერიოდში შპს “კოლხი-2010”-ს დირექტორის პოზიციაზე მისი შემოსავალი 5 400 ლარი იყო. გარდა ამისა, მერს თხილის რეალიზაციისგან 65 000 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, მის საკუთრებაშია ავტოფარეხი და 2 ბინა თბილისში; მიწის ნაკვეთი წალენჯიხაში, საცხოვრებელი სახლი სოფელ ჯგალიში და მიწის ნაკვეთი სოფელ საჩინოში, ასევე მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლის 14,28%-იანი წილი წალენჯიხაში, რომლის დანარჩენ წილსაც მისი ოჯახის წევრები ფლობენ. მერის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი JEEP GRAND CHEROKEE, რომელიც 2019 წელს აქვს შეძენილი.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 405 ლარი და 107 940 საკრედიტო, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 4 500 ლარის დანაზოგი ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ხარჩილავა არის შპს „კოლხი-2010“-ს 100%-იანი, შპს „ლეგასის“ – 47%-იანი, შპს G.K.I. COMPANY-ს 48%-იანი წილის მფლობელი, თუმცა, დეკლარაციაში არცერთი საწარმოს მუშაობის შედეგად არ უფიქსირდება შემოსავალი.

რაც შეეხება მერის ოჯახის წევრებს, დედის საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართი წალენჯიხაში, მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილებს - KIA SPORTAGE-სა და MAZDA-ს. ამათგან პირველი ჩუქებით, ხოლო მეორე ლიზინგით აქვს შეძენილი 2020 წელს.