ზურაბ ტყემალაძე: ტელერეკლამის საკითხზე მაუწყებლების შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის და მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის ვახტანგ აბაშიძის მტკიცებით, ტელერეკლამის და სპონსორობის განთავსების საკითხთან დაკავშირებით მაუწყებლების შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული და კანონპროექტში ასახულია.

როგორც ტყემელაძემ კომიტეტის სხდომაზე, პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა, ტელემაუწყებლობის მხრიდან იყო შენიშვნა, რომ გაუქმდეს კომერციული რეკლამის განთავსებისთვის დადგენილი 15%-იანი ზღვარი, რაც დეპუტატის თქმით, გაუქმებულია. მისივე ცნობით, გათვალისწინებულია შენიშვნა იმის თაობაზე, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" სპონსორობის უფლება აეკრძალოს.

მაუწყებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, უარი ითქვა პროექტის პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვაზე. გარდა ამისა, როგორც ტყემალაძემ განაცხადა, ახალი ამბების რეკლამით "ჭრა" 30 წუთის ნაცვლად, 15 წუთში იქნება დასაშვები. მისივე თქმით, გათვალისწინებულია ისიც, რომ საშეღავათო პერიოდით, სპონსორობისთვის დამატებით 90 წამი დაწესდეს, ხოლო ნაწილობრივად მოხდა იმის გათვალისწინება, რომ ერთი წლით გადავადდეს სამაუწყებლო საათში რეკლამის განთავსებისთვის დადგენილი 20%-იანი ლიმიტი, რაზეც მიდის საუბარი. ანალოგიურ განმარტებას აკეთებს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და აცხადებს, რომ ყველა საკითხი, რომელიც ტელეკომპანიების მიერ კანონპროექტის განხილვების დროს დაისვა, გათვალისწინებულია. აბაშიძის ცნობით, კანონის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დასაშვები იქნება საათში 25% რეკლამასა და სპონსორობაზე.

"კონკრეტულ ტექსტთან შენიშვნა აღარ არსებობს. ერთადერთი განსხვავებული პოზიცია აქვს "რუსთავი 2"-ს, რომელიც კანონმდებლობის ამოქმედების ვადას არ ეთანხმება. დანარჩენი ყველა საკითხი, რაც მსჯელობის დროს დაისვა, გათვალისწინებულია", - აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.