სომხეთში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი დასრულდა

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი სომხეთში დასრულდა. ბოლო ოფიციალური შეხვედრა რატი ბრეგაძემ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ალენ სიმონიანთან გამართა. მინისტრმა მას საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატი გააცნო, რომელსაც ორ ქვეყანას შორის გუშინ გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სომხეთში ვიზიტი შეაფასა.

„ორი დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გვქონდა. ამ დღეებში ჩვენ შევჯერდით თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმებზე და ამის პირველი გამოხატულება იქნება ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი, რომელიც თებერვალში საქართველოში გაიმართება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, სომხური მხარე ძალიან დაინტერესებულია ქართული ნოვაციებით – მობილური იუსტიციის სახლებით, „PROBBOX“-ითა და მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით, რომელთა შესახებაც ქართულმა მხარემ სომხეთში მასშტაბური პრეზენტაცია გამართა.

მინისტრმა სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ საშუალება მიეცა, არმავირის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ის მოქალაქეები მოენახულებინა, რომლებიც სასჯელს სომხეთში იხდიან.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს სომეხ კოლეგას იმისათვის, რომ საშუალება მომეცა, არმავირის პენიტენციურ დაწესებულებაში მომენახულებინა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკაში იხდიან სასჯელს და მინდა, ჩვენს სომეხ კოლეგებს გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა ძალიან მაღალი სტანდარტით არის დაცული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ სომხეთში ვიზიტის შეჯამებისას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები წარმატებული იქნება.

„მინდა, წარმატება ვუსურვო იმ თანამშრომლობას, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ჩავუყარეთ საფუძველი. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით ღირსეულად ვუპასუხებთ სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში არსებულ ყველა გამოწვევას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.