რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები 2022 წლის მონაცემებით

მსოფლიოში არსებობს 50 უმდიდრესი ოჯახი, რომელთა ქონება ერთობლივად 4 ტრილიონ დოლარზე მეტია. ნაწილს საზოგადოება კარგად იცნობს, ნაწილი კი მედიისგან ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს.

თუმცა, Forbes-ის მიერ შეფასებული წმინდა ღირებულების საფუძველზე, მათ შესახებ მწირი მონაცემები მაინც არის ცნობილი. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

ბოლკიას ოჯახი, ბრუნეი: 30 მილიარდი დოლარი

ბრუნეის სამეფო დინასტია, ბოლკიას სახლი, 1363 წელს დაარსდა და დროდადრო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანას მართავდა. ოჯახი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სულთანი ჰასანალ ბოლკია, ბრუნეის ნავთობის უზარმაზარი მარაგების წყალობით გამდიდრდა. ამბობენ, რომ სულთანის ქონება 30 მილიარდ დოლარამდეა, ხოლო მისი ვაჟი, პრინცი ჰაჯი აბდულ აზიმი, სავარაუდოდ, 5 მილიარდ დოლარს ფლობს.

ადელსონის ოჯახი, აშშ: 30,7 მილიარდი დოლარი

ნევადას უმდიდრესი ოჯახი ფულს აზარტული თამაშებით შოულობს. შელდონ ადელსონმა თავისი პირველი ბიზნესი 12 წლის ასაკში დაიწყო, 1988 წელს აიღო კაზინოს ბიზნესი და 1990-იანი წლების ბოლოს უკვე წარმატებით ამუშავებდა. ის 2021 წლის იანვარში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლის ოჯახი, ჰონგ კონგი: 32,3 მილიარდი დოლარი

მეტსახელად "ჰონკონგის ბაფეტის", ლი შაუ-კეის ბიზნეს ინტერესები ჯერ კიდევ 1948 წელს დაიწყო. სანამ ჰონგ კონგსა და ჩინეთში უძრავ ქონებაზე გადავიდოდა, იგი ვალუტითა და ძვირფასი ლითონებით ვაჭრობდა. ლი ასევე ცნობილია თავისი ინვესტიციებით.

მაგნატის სამი შვილი მარგარეტი, მარტინი და პიტერი, ისევე როგორც შვილიშვილი კრისტინ ლი, ჩართულნი არიან ოჯახურ ბიზნესში.

პრიცკერების ოჯახი, აშშ: 32,5 მილიარდი დოლარი

ძმებმა ჯეიმ და დონალდ პრიცკერებმა სასტუმროების ქსელი Hyatt 1957 წელს დააარსეს. ჯეის შვილებმა - ნენსიმ, თომასმა, ჯონიმ, დანიელმა და ჯიჯიმ, და დონალდის სამმა შვილმა - პენიმ, ენტონიმ და ჯ.ბ-მ გაინაწილეს ქონება.

თომასი არის Pritzker Organization-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფლობს Hyatt-ის სასტუმროებს. ჯონი - ბუტიკ სასტუმროების ჯგუფს, ჯიჯი კი კინოპროდიუსერია.

ფერეროს ოჯახი, იტალია: 35,7 მილიარდი დოლარი

პიემონტელმა კონდიტერმა მიქელე ფერერომ საკულტო Nutella 1964 წელს შექმნა და შოკოლადის იმპერიის გაფართოებას აკონტროლებდა. მისი ვაჟები - ჯოვანი და პიეტრო ბიზნესს 1997 წელს შეუერთდნენ. პიეტრო 2011 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მიქელე კი 2015 წელს გარდაიცვალა და ჯოვანი ერთადერთი მემკვიდრე დარჩა. დღეს მისი ქონება დაახლოებით 33,6 მილიარდი დოლარია.

ჯონსონის ოჯახი, აშშ: 36 მილიარდი დოლარი

ედვარდ ჯონსონ II-მ Fidelity ურთიერთდახმარების ფონდი ჯერ კიდევ 1946 წელს დააარსა. მისი ვაჟი, ედვარდ ჯონსონ III ბიზნესს 2014 წლამდე აწარმოებდა, სანამ მან პასუხისმგებლობა ქალიშვილს გადაულოცა. აბიგეილის პირადი ქონება 22,8 მილიარდი დოლარია. ჯონსონის ოჯახი ფლობს Fidelity-ის 49%-ს, დანარჩენი 51%-ს კი თანამშრომლები ფლობენ.

ჯონსონის ოჯახი, აშშ: 37 მილიარდი დოლარი

სამუელ კურტის ჯონსონმა იატაკის მოწყობის კომპანია 1886 წელს დააარსა, მოგვიანებით კი მისი ცნობილი იატაკის ცვილის წარმოება დაიწყო. 1967 წელს საბჭოს თავმჯდომარე ჰერბერტის ვაჟი, სამუელი გახდა, ხოლო მისი ვაჟი ჰერბერტ ფისკ ჯონსონ III ახლა საოჯახო ფირმის აღმასრულებელი დირექტორია.

კვოკის ოჯახი, ჰონგ კონგი: 40,4 მილიარდი დოლარი

ძმები რაიმონდი და თომას კვოკი უძრავი ქონების მაგნატები არიან. მათმა გარდაცვლილმა მამამ კვოკ ტაკ-სენგმა 1972 წელს Sun Hung Kai Properties შექმნა.

მაკმილანების ოჯახი, აშშ: 47 მილიარდი დოლარი

მაკმილანების ოჯახს აქვს 47 მილიარდი დოლარი. მათ ქონება სასოფლო-სამეურნეო ფირმა Cargill Inc.-სგან დააგროვეს, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი კერძო კომპანიაა. ოჯახის დაახლოებით 90 წევრი ერთად კომპანიის 88%-ს ფლობს.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი