მასშტაბური რებრენდინგი - Hugo Boss-ის ნაცვლად Hugo და Boss.

Hugo Boss-მა გლობალურ რებრენდინგს მიმართა და ბრენდი ორად, Hugo-დ და Boss-ად გაყო. 50 წლის განმავლობაში პირველად, Boss-ის ლოგო შეიცვალა და ბრენდის სახელში ის Hugo Boss-ის მინაწერის გარეშე არის წარმოდგენილი. მეორე ბრენდი, Hugo-ც ცალკე იწერება, რაც 1990-იანი წლების დასაწყისიდან პირველად ხდება. რებრენდინგთან ერთად, მშობელმა კომპანიამ, თანამედროვე ვარსკვლავების მონაწილეობით, ბრენდების „გაახალგაზრდავების“ კამპანია წამოიწყო.

„ბრენდის განახლებითა და ცნობილი ადამიანების კამპანიის წამოწყებით, ჩვენ Boss-ისა და Hugo-სთვის სრულიად ახალ ეპოქას ვქმნით. ჩვენი მიზანია, ახალი და უფრო ახალგაზრდა სამიზნე ჯგუფები დავაინტერესოთ, ისინი ჩვენი ბრენდების თაყვანისმცემლებად ვაქციოთ,“ - აცხადებს Hugo Boss AG-ის აღმასრულებელი დირექტორი, დანიელ გრიდერი.

#BeYourOwnBOSS კამპანიაში მონაწილეობენ კენდალ ჯენერი, ჰეილი ბიბერი, ჯოან სმოლსი, ამერიკელი რეპერი, Future, TikTok-ის ვარსკვლავი, ჰაბი ლეიმი, სამხრეთ კორეელი მომღერალი და მსახიობი, ლი მინ ჰო, ბრიტანელი მოკრივე, ენტონი ჯოშუა, იტალიელი ჩოგბურთელი, მატეო ბერეტინი და გერმანელი მორბენალი ქალი, ალისა შმიდტი.

რეკლამები, ძირითადად, სოციალურ ქსელებზე არის გამიზნული, რაც, ასევე, პოდკასტებსა და Instagram Reels-ის აქტივაციას მოიცავს.

მეორე კამპანიას, #HowDoYouHugo-ს სამხრეთ სუდანელი ტოპ მოდელი, ადუტ აკეჩი, რეპერები, BM და St. John, ასევე, ამერიკელი მოცეკვავე, მედი ზიგლერი შეუერთდნენ. ამ აქტივაციის სამიზნეც სოციალიური მედიაა, რაშიც TikTok-ის გამოწვევებსაც ჩართავენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ