თუ 2022 წელს ბინის შეძენას გეგმავთ - ახალი ტენდენციები მსოფლიო ბაზარზე

თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც 2021 წელს უძრავი ქონების შეძენა ვერ შეძლო და ამას 2022 წელს გეგმავს, თქვენთვის სიახლეები გვაქვს. CNN -ის ინფორმაციით, წელს უძრავ ქონებაზე მოსალოდნელია ფასების და იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა.

2021 წელს საბინაო ბაზარმა 15 წლის განმავლობაში ყველაზე მოულოდნელი შედეგი გამოავლინა, ბინების ფასები მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა. ფედერალური საბინაო საფინანსო სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, 2021 წელს მესამე კვარტალში ფასებმა 20%-ით მოიმატა, რამაც ბინების გაყიდვა შეაფერხა. იმავე მონაცემებით, ამ წლის დასაწყისში მომხმარებელთა მხოლოდ 26%-ს მიაჩნდა, რომ სახლის შესაძენად კარგი დრო იყო.

ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მსოფლიოში ბაზარზე ძალიან ცოტა მიმზიდველი სახლია, ისეთი, რომელიც ფასთან ადეკვატურობაში მოდის. საბინაო მარაგმა დეკემბერში რეკორდულ მინიმუმს მიაღწია და სანამ მყიდველი უფრო მეტი იქნება, ვიდრე გამყიდველი, ფასები გაიზრდება.

აი, რას უნდა ველოდოთ 2022 წელს:

მოსალოდნელია, რომ წელს უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა გაგრძელდება, მაგრამ არა ისეთი ტემპით, როგორც 2021 წელს.

მსოფლიოს რეალტორთა ეროვნული ასოციაციის თანახმად, სახლის საშუალო ფასი აშშ-ში 2021 წელს 346,900 აშშ დოლარი იყო, რაც 16.9%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით.

NAR-ის მიერ მოწვეული ეკონომისტთა გუნდი პროგნოზირებს, რომ უძრავი ქონების საშუალო ფასები 5.7%-ით გაიზრდება. ხოლო საბინაო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც გამოკითხული იყო Zillow-ის მიერ, ვარაუდობს, რომ ბინებ ის ფასები 6.6%-ით გაიზრდება 2022 წელს.

ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. მსოფლიოს ტენდენცია გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც მოახდენს. უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა 2021 წელს უკვე დაფიქსირდა, ტენდენციის გაგრძელება 2022 წელსაც არის მოსალოდნელი.

მსოფლიოს მასშტაბით იპოთეკის განაკვეთები გაიზრდება

"ჩვენ ველით, რომ წელს საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს ოჯახების ხელმისაწვდომობაზე და სახლის დაფინანსების უნარზე. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ოდნავ შეასუსტებს აქტივობას", - განაცხადა მედიასთან Wilmington Savings Fund Society-ის პრეზიდენტმა, ჯეფ რუბენმა.

გასულ კვირას 30 წლიანი ფიქსირებული იპოთეკის საპროცენტო განაკვეთი აშშ-ში საშუალოდ 3,56%-ს შეადგენდა. გასულ წელს კი საშუალო მაჩვენებელი 2,77% იყო.

რეალტორთა ეროვნული ასოციაციის თანახმად, გასულ ზაფხულს სახლების გაყიდვას საშუალოდ 17 დღე დასჭირდა. თუმცა, ეს პროცესიც ძირითადად დამოკიდებულია ფასზე.

წელს მოსალოდნელია, რომ საბინაო ბაზარი ნორმალურ სეზონურ ციკლს დაუბრუნდება, გაზაფხულზე მეტი სახლი გამოვა გასაყიდად.

თეონა რამაზაშვილი