2 გამზირი, სადაც უახლოეს მომავალში საავტობუსე ზოლები მოეწყობა - „წელიწადნახევარში ტრანსპორტის მოცდის დრო კიდევ უფრო შემცირდება“

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სრულად საავტობუსე ზოლების დახაზვას დაახლოებით, წელიწადნახევარი სჭირდება. ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

„დაახლოებით 70 წელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ხელი არავის მოუკიდია. შესაბამისად, საკმაოდ დიდ საქმეს შევეჭიდეთ. გვაქვს სრულად ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ახალი ინფრასტრუქტურა. ტაქსების თუ პარკირების რეფორმა არის ასევე ამ რეფორმის ნაწილი. ახლა დარჩენილი გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აჩქარება, ამის ერთადერთი გზა არის მათთვის გამოყოფილი ზოლების შექმნა, ზუსტად ამიტომ ბევრ უბანში უკვე მოხდა ამ რეფორმის ჩატარება, „ბასლაინები“ მოწყობილია - ჭავჭავაძეზე, ვეკუა-ხიზანიშვილზე, შარტავას ქუჩაზე, პეკინის გამზირზე, ვარკეთილის, ბარათაშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე, იონა ვაკელის ქუჩაზე, ქეთევან წამებულის გამზირის მიმდებარე რეაბილიტაციის ფარგლებშიც დაგეგმილია ავტობუსისთვის ზოლების დახაზვა. უახლოეს მომავალში იგეგმება ასევე, ყაზბეგისა და ვაჟა ფშაველას გამზირების მოხაზვა საავტობუსე ზოლებით, ამის სქემა უკვე შემუშავებულია და საბოლოო დეტალებს გავდივართ. შესაბამისად, დაახლოებით წელიწადნახევარი სჭირდება სრულად „ბასლაინების“ დახაზვას, ეტაპობრივად მივყვებით ამ პროცესს. ეს კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს,“-აღნიშნა წილოსანმა.

თაია არდოტელი