”იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება პურის ფასის მატებას გამოიწვევს”

პურპროდუქტების ასოციაციის პრეზიდენტის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება პურის ფასის მატებას გამოიწვევს.

როგორც მალხაზ დოლიძემ განაცხადა, თუ დღევანდელი ფასებით ვიანგარიშებთ, პურის ფასი დაახლოებით 90 თეთრი - 1 ლარამდე გაიზრდება. "მე მაგალითად, ჩემს პურზე ვიანგარიშე და 10 თეთრი ემატება. ყველას მოემატება, მაგრამ მე ვერ ვიტყვი ყველას მაგივრად. გააჩნია ვის როგორი ღუმელი აქვს. საერთოდ, ეს არ არის კარგი პროცესი. ჩვენ, მეწარმეები, ველოდებოდით, რომ ფასი დაეწიათ, პირიქით აწიეს. რომ აცხადებენ ქართველი მეწარმეების სამეწარმეო გარემო უმჯობესდებაო, ეს არის გაუმჯობესება? ", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ. მისივე თქმით, ყველაზე მძიმე ტვირთად ბუნებრივი აირის გაძვირება ქართული პურის თონეებს დააწვება.

1-ელი მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება. ამის შესახებ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკა სარიამ განაცხადა. "გამომდინარე იქიდან, რომ გაზს მომწოდებლისგან დოლარის კურსის შესაბამისად ვყიდულობთ და ვყიდით ლარში, ჩვენ იძულებული გავხდით, კურსის ცვლილების გამო, გაგვეზარდა ტარიფი 15 თეთრით, ოღონდ, მხოლოდ იურიდიული პირებისთვის", - აღნიშნა ეკა სარიამ. მისივე ინფორმაციით, დღეისათვის 1 კუბური მეტრი გაზის ტარიფი 75 თეთრს შეადგენს და 1-ელი მარტიდან 90 თეთრი გახდება. "ცვლილება ძალაში შედის 1-ელი მარტიდან. უბრალოდ, ჩვენ შესაბამისი შეტყობინებები დავუგზავნეთ ყველა იურიდიულ პირს ერთი თვით ადრე", - განაცხადა ეკა სარიამ.