საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 3%-ით შემცირდა

შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით,  2015 წლის იანვრის თვე 309 467 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3 %-ით ნაკლებია.

შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტურისტი - 111 622 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%); ტრანზიტი - 58 028 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%); სხვა - 139 817 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%).

2015 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-12%), აზერბაიჯანიდან (+12%), სომხეთიდან (-2%), რუსეთიდან (-6%) და უკრაინიდან (-10%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარში გამოირჩნენ ლიტვა და გერმანია (შესაბამისად 164% და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან - თურქმენეთი (132%), უზბეკეთი (20%), და ყაზახეთი (16%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსის და მოლდოვას მოქალაქეები 53% და 43%-იანი მატებით.

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.