დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად, დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლოს" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით - 3 დან 5 წლამდე.