სახელმწიფო აუდიტის სამსახური: სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძენილი ავტომობილების საჭიროებას ვერ ასაბუთებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწყების მიერ შეძენილი ავტომობილების საჭიროებას ვერ ასაბუთებს.

როგორც სამინისტროს აპარატის ფინანსური საქმიანობის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, შესყიდვის არც ერთ დოკუმენტში არ მოიპოვება მოხსენებითი ბარათი, რომლითაც რომელიმე სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მიერ იქნება დასაბუთებული, კონკრეტული ავტომობილის შეძენის საჭიროება, მათი რაოდენობა, ტექნიკური მახასიათებლები და მიწოდების ვადები. საუბარი სამინისტროს მიერ 2013 წელს განხორციელებულ შესყიდვებზეა.

"2013 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ავტომობილების შესაძენად გამოცხადდა 4 ელექტრონული ტენდერი. აღნიშნული ტენდერებით შეძენილი ავტომობილების საერთო ღირებულებამ, დღგ-ს ჩათვლით, შეადგინა 1,841,040 ლარი. შესყიდვების დოკუმენტაციაში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი ან მოხსენებითი ბარათი, რომლითაც რომელიმე სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მიერ იქნება დასაბუთებული კონკრეტული ავტომობილის შეძენის საჭიროება, მათი რაოდენობა, ტექნიკური მახასიათებლები და მიწოდების ვადები", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ამასთან, აუდიტორების შეფასებით, რიგი შესყიდვის დროს დარღვეული იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც," დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები".

რაც შეეხება აპარატის ბალანსზე რიცხულ დებიტორ-კრედიტორულ დავალიანებებს, ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე ასახულია 2005-2006 წლებში ლიკვიდირებული საქვეუწყებო დაწესებულებების, სსიპ-ების დაყოფილი რაიონული სამმართველოების მიერ წარმოდგენილ სალიკვიდაციო ბალანსებში რიცხული 160,967 ლარის კრედიტორული და 1,976,882 ლარის დებიტორული დავალიანება, რომელზეც, აუდიტის სამსახურის, განმარტებით, დავალიანების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია სამინისტროში არ ინახება. "შესაბამისად, ვერ იქნა მოპოვებული საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები აღნიშნული დავალიანებების დასადასტურებლად", - განმარტავენ აუდიტის სამსახურში.

გარდა ამისა, ძირითად კაპიტალთან დაკავშირებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამინისტროს აპარატის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობზე ცვეთის დარიცხვის მეთოდი და კოეფიციენტი გაუკრვეველია და რიგ შემთხვევაში, არ შეესაბამება მოქმედ ინსტრუქციას.