Factcheck: განცხადება, რომ 2014 წელი იყო გამონაკლისი, როცა ბიუჯეტი შესრულდა, მეტწილად მცდარია

Factcheck-ის შეფასებით, განცხადება, რომ "2014 წელი იყო გამონაკლისი, როცა ბიუჯეტი შესრულდა", მეტწილად მცდარია.

27 იანვრიდან 3 თებერვლამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. ვებ-გვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე პოპულარული სტატია ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის იმ განცხადებას ეხებოდა, რომ "2014 წელი იყო გამონაკლისი, როცა ბიუჯეტი შესრულდა". ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 2014 წელს ბიუჯეტი შესრულდა მხოლოდ ქაღალდზე და ამ წელს დაგეგმილი პროექტები სრულად არ განხორციელდა. ფაქტ-მეტრი ბიუჯეტის შესრულების საკითხით დაინტერესდა და ზემოთ მოცემული განცხადებები გადაამოწმა.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 100.2%-ით, ხოლო გადასახდელების ნაწილში 98.9%-ით შესრულდა. რაც შეეხება 2004-2012 წლების ბიუჯეტის შესრულებას, ეკონომიკური ზრდის გამო საბიუჯეტო შემოსავლები ისეთი ტემპით იზრდებოდა, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტის შესრულება მნიშვნელოვნად აჭარბებდა წლის დასაწყისში დამტკიცებულ ბიუჯეტის გეგმას. შესაბამისად, Factcheck-ის აზრით, ბიუჯეტის შესრულების კუთხით, წინა წლები შეიძლება ბევრად უფრო წარმატებულად ჩაითვალოს. რაც შეეხება 2014 წელს, გასული წლის დასაწყისში დაგეგმილი ხარჯების სრულად ათვისების კუთხით, ბიუჯეტის შესრულებაში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა შეინიშნებოდა. თუმცა, საბოლოოდ, 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი გადაჭარბებით, ხოლო გადასახდელების გეგმა 98.9%-ით შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ბიუჯეტის გეგმა შესრულდა, 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულმა არათანაბარმა ხარჯვამ ბიუჯეტის რეალურად შესრულებასთან დაკავშირებით კითხვები წარმოშვა. კერძოდ, 2014 წლის დეკემბერში ბიუჯეტიდან გადარიცხულმა თანხამ 1 253 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა წლის განმავლობაში, საშუალოდ, თვეში 600-700 მილიონი იხარჯებოდა. მნიშვნელოვანი ხარჯვა წლის ბოლო დღეებში, 25-დან 31 დეკემბრამდე განხორციელდა. ამ დღეებში მხარჯავი დაწესებულებებისთვის 489 მილიონი ლარი გადაირიცხა.

Factcheck-ის შეფასებით, ლოგიკურია ითქვას, რომ ამ თანხით დასაფინანსებელი პროექტების განხორციელება 2015 წლისთვის გადაიდო, ბიუჯეტის შესრულება კი, არა მხოლოდ დაგეგმილი თანხების გადარიცხვას, არამედ წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების განხორციელებასაც ნიშნავს. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის მეტწილად მცდარი, ხოლო ზურაბ ჯაფარიძის განცხადება – მეტწილად სიმართლე.

ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სტატია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხებოდა. 2014 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა განაცხადა: "ჩვენ არ გავაკეთეთ ბიუჯეტის კორექტირება. წინა ხელისუფლება ამას აკეთებდა და ისე წარმოაჩენდა, თითქოს 100%-ით ასრულებდა ბიუჯეტს". ფაქტმეტრმა დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში ბიუჯეტის გეგმის ცვლილება მართლაც ხორციელდებოდა, ხოლო 2013 და 2014 წლების ბიუჯეტების კანონში ცვლილებების შეტანა არ მომხდარა. 2004-2012 წლებში ბიუჯეტში ცვლილება იმიტომ ხდებოდა, რომ შემოსავლები იზრდებოდა და ხშირად ბიუჯეტის შემოსავლების შესრულება თავდაპირველ გეგმას 25-30%-ითაც აჭარბებდა. ცვლილება გეგმის 100%-იანი შესრულების მიზნით არ ხდებოდა, პირიქით, გეგმაში ცვლილებების შეტანის საჭიროება გაზრდილი შემოსავლებით და ბიუჯეტის გადაჭარბებული შესრულებით იყო გამოწვეული. შესაბამისად, ბიუჯეტის თავდაპირველი გეგმა ცვლილების შემდეგ კი არ იკლებდა, არამედ იზრდებოდა. ამ ფაქტორის გამო, პრემიერის პათოსი, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიუჯეტის ცვლილების შედეგად ხდებოდა გეგმის მოჩვენებითი შესრულება, ცალსახად არასწორია. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მცდარია.