მარიამ ვალიშვილის ინფორმაციით, პურის ქარხნებისთვის შეღავათიანი გაზის ტარიფი შენარჩუნებული იქნება

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის ინფორმაციით, კომპანიების მხრიდან პურის ქარხნებისთვის შეღავათიანი გაზის ტარიფი შენარჩუნებული იქნება. შეკითხვაზე - კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის მატება, ადგილობრივ წარმოებაზე როგორ აისახება და ხომ არ გამოიწვევს ფასების მატებას, მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, რომ "ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დიდი მონაწილეობა აქვს ენერგომატარებლების კომპონენტს კონკრეტული წარმოების პროდუქციის ფასში".

"რაც შეეხება პურის ქარხნებს, მათ ყოველთვის ჰქონდათ შეღავათიანი ფასი, ანუ არ ჰქონდა იმხელა ფასი, როგორც დანარჩენ კომერციულ ობიექტებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლაც შენარჩუნებული იქნება კომპანიების მხრიდან ეს შეღავათები", - განაცხადა ვალიშვილმა. მისივე თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერზე თავისი გავლენა იქონია და შესაბამისად, ამ ფასზეც. "როგორც იცით, ჩვენ საქართველოში ბუნებრივ გაზს ვერ მოვიპოვებთ, დამოკიდებულები ვართ იმპორტირებულ რესურსებზე, სადაც ანგარიშსწორება სწორედაც რომ უცხოურ ვალუტაში ხდება", - აღნიშნა ვალიშვილმა.

მისივე თქმით, როგორც კი კურსმა ცვლილება დაიწყო, ტარიფი მაშინვე არ გაზრდილა.

"შესაბამისად, ეს რყევები სადღაც ვიღაცას უნდა გადაეფარა, ანუ კომპანიებმა შეძლეს ის, რომ რამდენიმე თვე თავისი შიდა რესურსით ეს პერიოდი გაატარეს, მაგრამ უკვე სავარაუდოდ, მიწოდების პრობლემა დადგებოდა. თუ ვალები დაგროვდებოდა და გადახდის შესაძლებლობები აღარ ექნებოდათ, ბუნებრივია, ამას შეეძლო, პოტენციურად მიწოდებაზეც ემოქმედა და უწყვეტ გაზმომარაგებაზე გარკვეული ეფექტი ჰქონოდა. ამიტომ როდესაც კოპანიებმა ეს საკითხი დააყენეს, ბუნებრივია, ამ დროს სუბსიდიაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობაში ისევ გაგრძელდება, რადგან ამის ვალდებულება ხელისუფლებას აქვს აღებული. შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილში გაზრდილი სუბსიდირება გაგრძელდება, მაგრამ სამწუხაროდ, ბიუჯეტი მთელ კომერციულ სეგმენტს და მთელი ეკონომიკის ამ ეფექტს, ვერ გადაფარავდა. აქედან გამომდინარე, კომპანიებს გაკოტრებაზე, ასე რომ ვთქვათ, ვერ მივუშვებდით. ყოველ შემთხვევაში, არგუმენტიც არ არის, რომ ვთქვათ - არა. წინადადებით შემოვიდნენ და ბუნებრივია, მიზნშეწონილობის ფარგლებში დაასაბუთეს, რომ ეს აუცილებელი გადასადგმელი ნაბიჯი იყო", - განაცხადა ვალიშვილმა.

2015 წლის 1 მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება. კერძო კომპანიები და დაწესებულებები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 15 თეთრით მეტს - 75-ის ნაცვლად, 90 თეთრს გადაიხდიან.