ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR-ში მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენა ოფიციალურად ესპანეთის მეფე ფილიპმა გახსნა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში 165 სახელმწიფოს 9107 კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 217 ათასი სტუმარი ეწვია. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოსთვის ესპანეთი მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და 2013-თან შედარებთ, 2014 წელს ესპანეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა (შემოვიდა 5,396 ადამიანი).

გამოფენა 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა და მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ესპანეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ FITUR 2015-ზე თანამშრომლობა ტრადიციულად ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შესთავაზეს, შედეგად მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ტურ-ოპერატორებმა Caucasus Travel, Omnes Tour, Georgian Discovery Tours, Visit Georgia, Marco Polo Gudauri, Trawellin და Concord Travel-მა. საქართველო ამ გამოფენაში უკვე მე-8 წელია მონაწილეობს.