თბილისის საკრებულოში მიწის საკუთრებაში გადაცემის პროცედურების გამარტივებაზე იმსჯელეს

საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებმა მიწის საკუთრებაში გადაცემის პროცედურების გამარტივებაზე იმსჯელეს.

საკრებულოს ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე 81 განცხადების განხილვა მოხდა. სხდომას დეპუტატების გარდა თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომისიის წევრებმა ახალი კანონპროექტის შესახებაც იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც მიწის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები გამარტივდება. ,,ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავამარტოვოთ პროცედურები. ასევე დაგეგმილი გვაქვს მეტი მოქალაქის დაკმაყოფილება ლეგალიზაციის თვალსაზრისით, ანუ გვსურს გავზარდოთ პერიოდი და იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე კანონმდებლობით ორთოფოტოზე მხოლოდ 2007 წლამდე დატანილი ობიექტები მტკიცდებოდა, ცვლილების შეტანისა და მათი დამტკიცების შემდგომ დრო 2011 წლამდე გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მუშაობა ორიენტირებულია უფრო მეტი მოქალაქის სურვილების დაკმაყოფილებაზე, ვიდრე ეს დღემდე იყო", - განაცხადა მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა.

მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა საკრებულოში ყოველ სამშაბათს იმართება და დაახლოებით ასამდე მოქალაქის განცხადება იხილება. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მისამართით გაჩნდა დამატებითი კითხვები, სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს ვითარებას, რის შემდეგაც ხორციელდება გადაწყვეტილების მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში კი, მუშაობის პროცესში დარგის ექსპერტების ჩართვაც ხორციელდება.