Waitrose - წელს კარტოფილის რძე ყველაზე დიდი ალტერნატივა გახდება

კარტოფილის რძე 2022 წლის ყველაზე დიდი ალტერნატიული ტენდენცია იქნება. ასეთი პროგნოზი ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელის, Waitrose-ის 2022 წლის საკვები და სასმელი პროდუქტების ანგარიშში არის მოცემული, რასაც Forbs ავრცელებს.

„ბოლო წლებში სოიოს, ნუშის, შვრიისა და ბარდის რძის პოპულარობას შევესწარით, ახლა კი კარტოფილის რძის ჯერი დადგა. შაქრისა და გაჯერებული ცხიმების დაბალი შემცველობით, ის უახლოეს თვეებში ყავის მაღაზიების მენიუში დომინანტი გახდება,“ - წერს Waitrose.

ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელი იმდენად დარწმუნებულია თავის პროგნოზში, რომ თებერვლიდან კარტოფილის რძის კომერციულად ხელმისაწვდომი ერთადერთი შვედური ბრენდის, DUG-ის გაყიდვას იწყებს, რომელიც სტარტაპ Veg of Lund-ს ეკუთვნის.

DUG არის ნაზავი, რომელიც, ძირითადად, კარტოფილისგან (6%), წყლისა და რაფსის ზეთისგან, ვიტამინებისგან, არომატიზატორებისა და დანამატებისგან, მათ შორის, ბარდის ცილისა და ვარდკაჭაჭას ბოჭკოსგან შედგება. DUG-ის კარტოფილის რძე სამი სახით იყიდება: ორიგინალი, დაუმტკბარი და ბარისტა.

დიდ ბრიტანეთში მცენარეული რძის გაყიდვები იზრდება და გაერთიანებული სამეფოს ბაზარი წელიწადში, დაახლოებით, 400 მლნ ფუნტ სტერლინგით ფასდება. შეერთებულ შტატებში მცენარეულ რძეს რძის მთლიანი ბაზრის, დაახლოებით, 10% უკავია, ხოლო მცენარეული რძის პროდუქტების გაყიდვებით 2 მლრდ დოლარს უახლოვდება.

Mintel-ის მიერ 2021 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში მცენარეული რძის გამოყენება ყოველთვის მაღალია. 2019 წლის 25%-თან შედარებით, მცენარეული რძის გამოყენების მაჩვენებელი 32%-მდე გაიზარდა, ხოლო მილენიელთა, 25-დან 44 წლამდე ასაკის თაობაში ეს მაჩვენებელი 44%-ს შეადგენს.

Waitrose-ის ანგარიშის მიხედვით, რომელშიც 2000 მომხმარებლის გამოკითხვის შედეგები წერია, გამოკითხულთა, თითქმის, 70% აცხადებს, რომ თავიანთ საკვებში ნახშირბადის ნაკვალევი მათთვის „მეტად“ ან „ნაწილობრივ“ მნიშვნელოვანია.

DUG ამტკიცებს, რომ ბაზარზე ის რძის პროდუქტების ყველაზე მდგრადი ალტერნატივაა, რასაც კვლევებიც ადასტურებს. კარტოფილის რძის გამოჩენამდე, ალტერნატიულ რძეებს შორის ყველაზე დაბალი ნახშირბადის კვალი, ანუ 0,7 კგ CO2 ეკვ./კგ. ნუშის რძეს ჰქონდა. DUG Original-ის ნახშირბადის ნაკვალევი 0,27 კგ CO2 ეკვ./კგ-ს, ხოლო Dug Barista-სა და Dug Unsweetened-ის ნახშირბადის ნაკვალევი 0,31 CO2 ეკვ/კგ-ს შეადგენს. DUG-ის მონაცემებით, კარტოფილის მოყვანა, მიწათსარგებლობის თვალსაზრისით, ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე შვრიის, ხოლო წყლის გამოყენების თვალსაზრისით, კარტოფილს, სხვა რძის ალტერნატივებთან შედარებით, საშუალო ადგილი უკავია.

კარტოფილის რძე დაბალი შაქრისა და ცხიმის შემცველობისაა, ასევე, თავისუფალია საერთო ალერგენებისგან, ლაქტოზის, რძის, სოიოს, გლუტენისა და თხილისგან. DUG ორიგინალი სათითაოდ კალციუმის, D ვიტამინის, რიბოფლავინისა და ვიტამინ B12-ის დღიური რეკომენდირებული ნორმის 15-15%-ს შეიცავს. DUG-ის კარტოფილის რძე ერთადერთი მცენარეული რძის ალტერნატივაა, რომელიც ფოლიუმის მჟავის რეკომენდებული 15%-იანი ნორმის მოცულობით არის გამდიდრებული. ბრენდის თითო პორცია 39 კალორიასა და 1,5 გრამ ცხიმს შეიცავს.

პროდუქტს კარტოფილის ნეიტრალური გემოს გათვალისწინებით, ნაღების გემო აქვს და მეტად დაბალანსებულია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ