ლარის გამყარების მიუხედავად, პროდუქცია არ გაიაფდება - საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია

„უახლოესი პერიოდი პროდუქტებზე ფასის კლებას არ უნდა ველოდოთ. უახლოესი სამი თვის განმავლობაში არაფერი არ იქნება“- ასე ეხმაურება დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ,,ბიზნესპრესნიუსთან" ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას.

მისი თქმით, სხვა ბევრ მიზეზებთან ერთად, პროდუქციაზე ფასი ლარის მიმართ დაბალი ნდობის გამოც ვერ დაიწევს.

,,ფასები არ გაიაფდება. ამას აქვს ბევრი მიზეზი. პირველი, საერთაშორისო ბაზარზე ფასები მკვეთრად გაზრდილია. ამასთან, მომატებულია კომუნალური ტარიფები, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება არა მხოლოდ წარმოებაზე, ასევე შენახვაზე და სასაწყობე მეურნეობაზე. გაზრდილია ნედლეულზე ფასიც, როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ და რაც უმნიშვნელოვანესია, საწვავის ფასი უფრო და უფრო იზრდება. ხაზი უნდა გაესვას ხელშეკრულებებს ქსელურ სუპერმარკეტებთან, რომლების მოთხოვნებიც მუდმივად იზრდება და წელს, ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისასაც მოლოდინი ასეთია. ესეც აისახება ფასებში. კარგი იქნება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ მოხდება ფასების შენარჩუნება.

გარდა ამისა, ეროვნული ვალუტის მიმართ არავითარი ნდობა არ არსებობს და ისიც არ ვიცით, რა ამყარებს ლარს. რეალურად, ქვეყნის ეკონომიკას ლარის ტენდენცია აცდენილია. შესაბამისად, უახლოესი პერიოდი პროდუქტებზე ფასის კლებას არ უნდა ველოდოთ. უახლოესი სამი თვის განმავლობაში არაფერი არ იქნება. აპრილიდან ცოტა რომ დათბება, შეიძლება ცვლილებები ისიც სეზონურ პროდუქციაზე. ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია და თუ რომელიმე კომპანია შეძლებს ფასის კლებას, ის ამას აუცილებლად იზამს. თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, უნდა ველოდოთ სააქციო ფასებს, რადგან როგორც ვთქვი ვალუტის მიმართ ნდობა არ არსებობს და ფასების კლებაც ვერ მოხდება“,- განაცხადა ჭყონიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი