როგორ შეიცვალა იანვრიდან დღემდე საქართველოს და მეზობელი ქვეყნების ვალუტების კურსი

2022 წლის იანვრიდან დღემდე ქართული ლარი დოლართან მიმართებით 4,5%-ით გამყარდა.

დღესაც, 10:50 საათისთვის Bloomberg-ის პლატფორმაზე ერთი ამერიკული დოლარი 2.9155 ლარად ივაჭრება, მაშინ, როცა სებ-ის მიერ 7 თებერვალს დადგენილი ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.9480 ლარი ღირს. (1-ელ იანვარს ერთი დოლარი 3.0892 ლარი ღირდა).

განსხვავებულად „იქცევიან“ საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტები. თუ არ ჩავთვლით აზერბაიჯანულ მანათს, რომელიც უკვე წლებია მყარად ერთ პოზიციაზე დგას, ყველა სხვა ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა. ერთი დოლარი 1-ლი იანვარსაც 1.70 მანათი ღირდა და დღესაც იგივე კურსი მოქმედებს.

ყველაზე დრამატულად კვლად თურქული ლირის კურსი დაეცა. თუ 2022 წლის 1-ელ იანვარს ერთი დოლარი 13.32 ლირა ღირდა, 7 თებერვლის ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 13.59 ლირაა.

იანვრიდან დღემდე 1.39 პუნქტით გაუფასურდა რუსული რუბლიც. 1-ელ იანვარს ერთი დოლარი 74.29 რუბლი ღირდა, დღეს კი 75.68 რუბლია.

რაც შეეხება სომხურ დრამს, ისიც გაუფასურდა, თუმცა უმნიშვნელოდ. თუ იანვრის დასაწყისში ერთი დოლარი 480.14 დრამი ღირდა, დღეს ერთი დოლარის ყიდვა 481.26 დრამად არის შესაძლებელი.