ალენ დელონის ”ფერარის” აუქციონზე 12 მილიონ ევროდ გაიტანენ

ლეგენდარული ფრანგი მსახიობის ალენ დელონის კუთვნილ Ferrari 250 GT-ის პარიზში, რეტრომობილების აუქციონზე გაიტანენ გასაყიდად.

წითელი ფერის Ferrari 250 GT SWB California Spyder ცნობილ მსახიობს 1960-იან წლებში ეკუთვნოდა. აუქციონის წარმომადგენელთა განცხადებით, ალენ დელონის კუთვნილი "ფერარის" გამოშვების წელი 1961 წლით თარიღდება და ის ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელია. თავის დროზე, ”ფერარიმ” ამ მოდელის მხოლოდ 37 ერთეული გაუშვა გაყიდვაში. ორგანიზატორთა თქმით, ალენ დელონმა მანქანა ფრანგ მსახიობ ჟერარ ბლენისგან 1963 წელს შეიძინა. "მისი ღირებულება დღესდღეობით 10-12 მილიონ ევროს შეადგენს", - განაცხადა აუქციონის სახლის Artcurial-ის წარმომადგენელმა პიერ ნოვიკოფმა.

ალენ დელონის "ფერარის" გარდა, პარიზში პარასკევს გასამართ რეტრომობილების აუქციონზე ასევე გაიყიდება Bugatti-ის, Hispano-Suiza-ის, Talbot-Lago-ს, Maserati-ს, Ferrari-ს, Delage-ს ძველი ავტომობილები.

პიერ ნოვიკოფის განცხადებით, ყველა მათგანი პირვანდელი სახით, რესტავრირების გარეშე არის შემონახული. მისივე თქმით, აუქციონზე დასწრების სურვილი უკვე გამოთქვეს კოლექციონერებმა ამერიკიდან, ინგლისიდან, შვეიცარიიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან და აზიის ზოგიერთი ქვეყნიდან.