თბოსადგურები დენის ტარიფის გაზრდას ითხოვენ

ლარის დევალვაცია ენერგოსექტორმაც იგრძნო

ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო თბოსადგურების მფლობელები სემეკს ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართავენ. სემეკში კი ირწმუნებიან, რომ თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდა სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას არ მოახდენს.

"მტკვარი ენერგეტიკის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ლარის დევალვაციას ბუნებრივი აირის გაძვირება მოჰყვა. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართავენ. "ბუნებრივია, ლარის გაუფასურების გამო გაზი გაგვიძვირდა. ამიტომ ვაპირებთ, სემეკს ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მივმართოთ, თუმცა ეს უახლოეს მომავალში ვერ მოხდება, ვინაიდან გარკვეული პროცედურებია გასავლელი", - ამბობს დევი კანდელაკი.

"მტკვარი ენერგეტიკა"  მე-9 ენერგობლოკის მფლობელია. კომპანია თბოსადგურის ასამუშავებლად 1000 კბ/მ გაზს 143 დოლარად ყიდულობს. თბოსადგურის მიერ წარმოებული 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება 7,2 თეთრია. თუ ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ დასტაბილურდა, ტარიფის გაზრდის მოთხოვნით სემეკს "ჯიფაუერის" (გაზოტურბინები) მფლობელი "ენერგო პროც" მიაკითხავს.

"კომპანიას გაზი უძვირდება იმ მოცულობით, რამდენადაც ძვირდება დოლარი. თუკი ლარის კურსი არ დასტაბილურდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მივმართოთ სემეკს",- განაცხადეს "ენერგო პროში".

სემეკის ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციაში ტარიფის გაზრდაზე მოთხოვნა თბოსადგურების მფლობელ არც ერთ კომპანიას არ წარუდგენია. "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამ ეტაპზე არ არის სატარიფო განაცხადები შემოსული ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოელექტოსადგურების ტარიფის ცვლასთან დაკავშირებით", - განუცხადეს "რეზონანსს" სემეკში.

თეს-ების მიერ წარმოებული 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება 7-7,5 თეთრის ფარგლებშია, ხოლო აღნიშნული ტარიფი ლარის ძველი გაცვლითი კურსით არის დაანგარიშებული: "ჯი ფაუერისთვის" (აირტურბინა) - 1.7851-ზე (ძალაშია 2015 წლის პირველი იანვრიდან), "მტკვარი ენერგეტიკისთვის" ("თბილსრესის" მე-9 ლოკი) - 1.7521-ზე (ძალაშია 2014 წლის პირველი სექტემბრიდან), "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის" ("თბილსრესის" მე-3, მე-4 ბლოკები) - 1.7623-ზე (ძალაშია 2014 წლის პირველი სექტემბრიდან).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სემეკში აცხადებენ, რომ თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდა სამომხმარებლო ტარიფს არ გააძვირებს. "ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებისათვის ტარიფის ცვლილება ცალსახად არ გამოიწვევს და არ ნიშნავს საყოფაცხოვრებო ტარიფის მატებას. მოგეხსენებათ, ტარიფი რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება. მისი გაანგარიშებისას, შესაძლოა, რომელიმე კომპონენტი შეიცვალოს, რაც ცალსახად არ გულისხმობს საბოლოო საყოფაცხოვრებო ტარიფის მატებას", - განმარტავენ სემეკში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 20% თბოსადგურებზე მოდის. კერძოდ, 2014 წელს საქართველოს ენერგოსისტემამ 10,3 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აქედან თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია - 2,03 მლრდ კვტ/სთ-ია. ყველაზე მეტი ელექტროენერგია "მტკვარი ენერგეტიკის" მე-9 ბლოკმა გამოიმუშავა - 1,2 მლრდ კვტ/სთ, "ჯიფაუერმა" - 44 მლნ კვტ/სთ-ის გენერირება მოახერხა, ხოლო "თბილსრესმა" (მე-3, მე-4 ბლოკები) 781 მლნ კვტ/სთ-ის. საყურადღებოა ისიც, რომ თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.

შეგახსენებთ, რომ მეწარმეებს "ყაზტრანსგაზ-თბილისისგან" გაზის გაძვირებაზე შეტყობინება უკვე მიუვიდათ. კომპანიაში განაცხადეს, რომ გაზი გაუძვირდება ყველა კომპანიას, მათ შორის, პურის საცხობებსაც. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, მეპურეები ისევ ბუნებრივი აირის შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, სამინისტროს ჩარევით, რაც ერთხელ უკვე მოხდა, პურის საცხობებისთვის ისევ შეღავათიანი ფასი დარჩეს.

მეწარმეებს ბუნებრივი აირი გაუძვირდათ რეგიონებშიც. "სოკარმა" უკვე განაცხადა, რომ იურიდიული პირებისთვის მისი ტარიფი 10 თეთრით ძვირი იქნება, თუმცა კომპანიაში ენერგეტიკის სამინისტროს მითითება გაითვალისწინეს და პურის საცხობებისთვის ტარიფის მომატებაზე საკუთარი სურვილით თქვეს უარი.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"