თბილისის ტროტუარებზე ავტომანქანის პარკირების 200-ზე მეტი ადგილი გაუქმდება

"ავტომანქანების პარკირება ტროტუარებზე აიკრძალება ისეთ ადგილებში, სადაც 3 მეტრზე ნაკლები მანძილია"

დედაქალაქში ტროტუარებზე 210 ავტომანქანის პარკირების ადგილი გაუქმდება. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მან დავალება მისცა შესაბამის სამსახურს, შეესწავლათ ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების საკითხი. ნარმანიას თქმით, რამდენიმე ტროტუარზე ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა, ფეხით მოსიარულეების სივრცე თითქმის აღარ რჩება. ამიტომაც, ნარმანიას განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გავა საკითხი, რომელიც ითვალისწინებს თბილისში 2 010 პარკირების ადგილის გაუქმებას ტროტუარებზე. მერმა დასძინა, რომ აღნიშნული შვებას მისცემს ფეხით მოსიარულეებს გარკვეულ ადგილებში, რადგან ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელია. ნარმანიამ აღნიშნა, რომ ავტომანქანების პარკირება ტროტუარებზე აიკრძალება ისეთ ადგილებში, სადაც 3 მეტრეზე ნაკლები მანძილია და ასეთ ადგილებში ავტომანქანების პარკირების ნიშნები მოიხსნება.

ამასთან, დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ მერია დაინტერესებული ინვესტორებისთვის გამოაცხადებს კონკურსს, რომელიც მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგების აშენებას ითვალისწინებს, რათა ავტომანქანის მძღოლებს პარკინგის ადგილების შემცირების გამო დისკომფორტი არ შეექმნათ და მათ შეძლონ გარკვეულ ადგილებში მანქანების გაჩერება.