2014 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 526 მლნ ლარი დაიხარჯა

2014 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 526 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა.

ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "საავტომობილო გზების დეპარტამენტის" თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ განაცხადა, რომელმაც დღეს საზოგადოებას უწყების 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, 2014 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 526 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ექსპლუატაციისათვის დაგეგმილი ბიუჯეტი კი 97%-ით შესრულდა.

"2014 წლის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულება საგზაო სექტორში ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის პროექტებია. გასულ წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დამატებით 40 კილომეტრი ახალი გზა გაიხსნა (ქუთაისის შემოვლითი გზა 32 კმ. და რუისი-აგარის 8კმ-იანი მონაკვეთი), რაც 2013 წელთან შედარებით 24.6 კმ-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით კი 38.5 კმ-ით მეტია", - განაცხადა ფანჩულიძემ.

მისივე თქმით, გასულ წელს ჩქაროსნული გზატკეცილის სამშენებლო აქტივობა 7 სხვადასხვა მონაკვეთზე, ჯამში 131კმ გზაზე მიმდინარეობდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 265 კილომეტრიან მონაკვეთზე, მათ შორის, ტურისტულ ობიექტებთან და ტაძრებთან მისასვლელ გზებზე განხორციელდა. "კაპიტალურად შეკეთდა 42 სახიდე გადასასვლელი, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კი 11 ახალი ხიდი აშენდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ახორციელებს. საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთებისა და ზამთარში გზის მოვლა-შენახვის სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 36.7 მლნ ლარი დაიხარჯა", - განაცხადა ფანჩულიძემ.

მისივე ინფორმაციით, 2014 წელს ნაპირდაცვითი ღონისძიებები გატარდა 26 ობიექტზე. 31 ობიექტზე კი სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათი შედეგების სწრაფი ლიკვიდაციის ღონისძიებები განხორციელდა, რომლისთვისაც 9 მლნ 179 ათასი ლარი დაიხარჯა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წელს "შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის" ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა, სესხის მოცულობამ 93,75 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 200 კმ-ზე მეტი სიგრძის სხვადასხვა გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ანგარიშის პრეზენტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორები, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.