როგორ იქცა H&M მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბრენდად

შვედური მოდის გიგანტი H&M მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ლიდერი ბრენდია. იგი სწრაფი მოდის მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. სწორედ H&M-მა მოახერხა ხელმისაწვდომი მოდის წარმოება მთელს მსოფლიოში დაეწყო.

H&M უნიკალურია თავისი კრეატიული მარკეტინგული სტრატეგიებითა და სწრაფი წარმოებით. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი მოდის ბრენდი გლობალური მასშტაბით. ბრენდის წარმატების საიდუმლო მოიცავს სხვადასხვა ფაქტორებს, რომლებიც მას სხვებისგან განასხვავებს. კრეატიულმა მარკეტინგულმა სტრატეგიებმა და უნიკალურმა ბიზნეს მოდელმა მათ საშუალება მისცა, დაესვათ მდგრადობის საკითხი.

H&M-ის აღზევება

H&M 1947 წელს თავისი პირველი მაღაზიის გახსნით შვედეთში, კერძოდ ვესტეროსში ერლინგ პერსსონმა დააარსა. პერსსონის შთაგონება ამერიკაში ნანახი ნეიმან მარკუსის გიგანტური მაღაზია გახდა. სწორედ ეს გახდა მოდური ბრენდის წარმოების იდეა, თუმცა ერლინგს ეს არ დასცალდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მამის ადგილი 1982 წელს ვაჟმა სტეფანმა დაიკავა. სწორედ მან შეძლო უზარმაზარი გლობალური მიწოდების ჯაჭვის აგება. სტეფანმა განვითარებად ქვეყნებში დაბალფასიანი ქარხნები გამოიყენა. სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივად წარმოებული ტანსაცმელი საბაჟო გადასახადების დამატებას აღარ საჭიროებდა, რაც პროდუქციის დაბალი ფასის განმსაზღვრელი იყო. სწორედ ეს მიდგომა გახდა ბრენდის წარმატების საიდუმლო.

მას შემდეგ ბრენდი სტაბილურად ვითარდებოდა. 2009 წლიდან 2019 წლამდე კი H&M -ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე კარლ-იოჰან პრესონი მუშაობდა. სწორედ მის პირობებში გაიზარდა იმპერია 2000-დან თითქმის 5000 მაღაზიამდე.

სწრაფი მოდა 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა ტენდენცია. დღეს კი H&M Group არის მთავარი მოთამაშე მოდის ინდუსტრიაში. H&M ცხრა ბრენდის ქვეშ, 3 მილიარდი ტანსაცმლის გაყიდვით, წელიწადში დაახლოებით 22 მილიარდი დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს.

რა არის ე.წ. სწრაფი მოდა

სწრაფი მოდის სტრატეგია H&M-ის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ათწლეულების წინ ეს ე.წ. სწრაფი მოდა არ იყო მიღებული პრაქტიკა მსოფლიოში. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის მოდური ნივთის შესაძენად, ხალხს თვეების განმავლობაში უწევდა ფულის დაზოგვა. ტენდენცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მოდის საუკეთესო ბრენდებმა ტანსაცმლის შეთავაზება ხელმისაწვდომ ფასად დაიწყეს. H&M-ის განსაკუთრებულობა მდგომარეობდა იმაში, რომ მარტივი ბიზნეს კონცეფცია ჰქონდა. ბრენდი მაღალი ხარისხის მოდას საუკეთესო ფასად აწარმოებდა.

სწრაფი მოდის ტექნოლოგია უზრუნველყოფს ყოველდღიურ მიწოდებას ფლაგმანურ მაღაზიებში 60-ზე მეტ სხვადასხვა ბაზარზე. ბრენდი თანამშრომლობდა ისეთ მდიდრულ მოდის სახლებთან, როგორებიცაა Versace, Karl Lagerfeld და Balmain.

ახლახან H&M-მა ახალი ინიციატივები წამოიწყო. ბრენდის ახალი შემოდგომა/ზამთრის კოლექცია იყენებს გადამუშავებულ პოლიესტერს, მატყლს და მასალას სახელწოდებით Econyl, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასისგან. გარდა ამისა, ბრენდი აძლიერებს თავის ამჟამინდელ მდგრად კოლექციას ორი ახალი მასალის დანერგვით: გადამუშავებული ქაშმირი და გადამუშავებული ხავერდი. რეციკლირებული მასალების სტრატეგია პოპულარობას იძენს მოდის ინდუსტრიაში. H&M იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის ყველა პროდუქტი მთლიანად გადამუშავებული მასალისგან იქნება დამზადებული.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი