35 დოლარად შექმნილი ლოგო და 500 დოლარით დაწყებული ბიზნესი - როგორ გახდა Nike მილიარდ დოლარიანი კომპანია

Nike დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული მრავალეროვნული სპორტული ბრენდია, რომელსაც წლიურად მილიარდობით დოლარის გაყიდვები აქვს. თუმცა, კომპანია ყოველთვის არ იყო ისეთი დიდი, როგორც ახლა. წარმატებამდე გზა პატარა იდეით დაიწყო...

დღეს Nike ორი ცნობილი ამერიკული მულტინაციონალური სპორტული ტანსაცმლის კომპანიის, Puma-სა და Adidas-ისთვის სერიოზული კონკურენტია. ეს ორი ბრენდი რეალურად ბევრად ძველია, ვიდრე Nike. მაგრამ Nike-ის წმინდა ქონება დაახლოებით 35 მილიარდი დოლარია, რაც უფრო მეტია, ვიდრე Puma ან Adidas. იგი წარმოდგენილია სპორტის თითქმის ყველა სახეობაში.

დასაწყისი

ამ სპორტული კომპანიის გზა 1962 წელს თანადამფუძნებელ ფილ ნაითთან დაიწყო, თუმცა მაშინ ის Nike-ის სახელით არ იყო ცნობილი. 1962 წელს, როდესაც ფილმა სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა, მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა. მას უნდოდა მსოფლიოსთვის და ისტორიისთვის რამე ისეთი ღირებული შეექმნა, რომ მისი სახელი დამკვიდრებულიყო. თუმცა, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამას ფეხსაცმლით შეძლებდა.

ფილს ძალიან უყვარდა სირბილი. მოგვიანებით მან გაიხსენა, რომ არასოდეს ჰქონდა ისეთი კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც სირბილის დროს არ ატკენდა.

როგორც ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულმა, ფილს სურდა თავისი სამეწარმეო კარიერის გაგრძელება, მაგრამ მას არ ჰქონდა კარგი კავშირები. თუმცა მაღალმა რწმენამ ეს “ნაკლი“ აანაზღაურა. მან გადაწყვიტა, რომ თუ იაპონურ კამერები შეძლებდნენ კონკურენცია გაეწიათ გერმანული კამერების წინააღმდეგ, მაშინ ამას იაპონური ფეხსაცმელიც შეძლებდა.

თითქმის იმპულსური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იგი იაპონიაში კარგი ფეხსაცმლის ბრენდის მოსაძებნად წავიდა. საბოლოოდ კი ქალაქ კობეში Onitsuka Tiger-ის ფეხსაცმლის მაღაზია იპოვა და იმ მომენტში მიხვდა, რომ მათთან სურდა მუშაობა. ფილმა გამოიგონა სახელი - Blue Ribbon Sport და იაპონელ მეწარმეებს თავი ამერიკელი ფეხსაცმლის დისტრიბუტორად გააცნო. ამან მას საშუალება მისცა გარიგება გაეფორმებინა, რის შემდეგაც ფილმა ამერიკაში იაპონური სპორტული ფეხსაცმლის შეტანა შეძლო, თუმცა ეს ძალიან მცირე რაოდენობა იყო.

რეალური ბიზნესის წამოწყება აშშ-ში

დადგა დრო, როდესაც ამერიკაში იაპონური ფეხსაცმელი პოპულარული ხდებოდა. იმ დროს Puma-ს და Adidas-ს უკვე შთამბეჭდავი გაყიდვები ჰქონდათ ამერიკაში. ფილმა იცოდა, რომ აშშ-ში დიდი ბიზნესის დასაწყებად მას ექსპერტის დახმარება სჭირდებოდა. ამის გამო ის თავის მწვრთნელს ორეგონის უნივერსიტეტში, ბილ ბოუერმანს დაუკავშირდა.

ფილის ყოფილი მწვრთნელი ამერიკაში პოპულარული იყო, იგი ოლიმპიურ თამაშებზეც მონაწილეობდა. სწორედ ეს ფაქტორი დაეხმარა ახალგაზრდას, რომ კავშირები მოეძია და ბიზნესი გაეფართოვებინა. ფილმა ბილ ბოუერმანი დააინტერესა და ამ ბიზნესის დასაწყებად ორივემ 500-500 დოლარი დახარჯა.

სწრაფად მზარდი ვაჭრობა

Blue Ribbon Sports 1964 წელს დამფუძნებლების 1000-დოლარიანი ინვესტიციით დაიწყო. ერთი წლის შემდეგ მათი გაყიდვების მაჩვენებელი 8000 დოლარი იყო, მომდევნო წელს კი გაორმაგდა და ბოლო 20,000-მდე ავიდა.

ბილ ბოუერმანს ჰქონდა სწორი ხრიკები. მან იცოდა, რომ რაღაც დამატებითი უნდა გაეკეთებინა. 1965 წელს ყოფილმა მწვრთნელმა დაწერა წიგნი სირბილის საჭიროებისა და სარგებლობის შესახებ. ამან ხელი შეუწყო BRS სირბილის ფეხსაცმლის გაყიდვების გაზრდას. ბილის ფანტასტიკური იდეების წყალობით, კომპანია გახდა პოპულარული სპორტული ტანსაცმლის ხაზი.

ბიზნესის საკუთრება

როდესაც სავარჯიშო ფეხსაცმელი პოპულარული ტენდენცია გახდა, BRS ფეხსაცმელზე მოთხოვნა გაიზარდა. რაღაც მომენტში მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ მიწოდებას აჭარბებდა. ფილ ნაიტმა და ბილ ბოუერმანმა გადაწყვიტეს, რომ დადგა ბიზნესის სრული მფლობელობის დრო. საბედნიეროდ, კონტრაქტიც, რომელსაც ხელი მოაწერეს ონიცუკა ტიგერთან, სრულდებოდა. 1972 წლისთვის მათ თავისუფლად შეეძლოთ გაეკეთებინათ საკუთარი ფეხსაცმელი.

1971 წელი იყო და მიუნხენის ოლიმპიადა კარზე აკაკუნებდა. თანადამფუძნებლებმა გააცნობიერეს, რომ ეს იყო შესანიშნავი დრო მათთვის. მათ ასევე ჰქონდათ საკმარისი ფული გაყიდვების მენეჯერებისა და სხვა პერსონალის დასაქირავებლად.

ბოლოს და ბოლოს Nike ამოქმედდა - სახელის იდეა ბერძნული მითოლოგიიდან იყო ნასესხები. სლოგანი "Just Do it" იმდენად შთამაგონებელი და მარტივი იყო, რომ მან კიდევ უფრო მეტი პოპულარობა გამოიწვია. ნაიტმა და ბოუერმანმა ლოგო სტუდენტ გრაფიკოსს სულ რაღაც 35 დოლარად შეაქმნევინეს და ამით დაიწყო Nike-ის ეპიკური მოგზაურობა.

დღეს Nike-ის ისტორია არის შთაგონება მრავალი მეწარმისა და ახალი ეპოქის ხედვისთვის. მისი ღირებულება ბოლო მომაცემებით 30,44 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც Nike -ს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად აქცევს.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი