ნარმანიას ინიციატივა თბილისში საავტომობილო ტრანსპორტის პარალიზებას გამოიწვევს

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების აკრძალვაზე იმსჯელეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ტროტუარებზე მოწყობილი პარკირების 210 ადგილი გაუქმდება. დავით ნარმანიას თქმით, ტროტუარების სიგანე მცირეა და მასზე მოწყობილი პარკირების ადგილები ფეხით მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემებს უქმნის.

ვთანხმდებით იმაზე, რომ ტროტუარი ქვეითად მოსიარულეთათვისაა განკუთვნილი. საქართველოში და კერძოდ, თბილისში კი დღესდღეობით ავტომობილების რაოდენობა ბევრად აღემატება პარკირების ადგილების რაოდენობას. შესაბამისად, გამოუვალი მდგომარეობის გამო, მძღოლები იძულებულები იყვნენ თავიანთი ავტომობილი ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე დაეპარკინგებინათ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეითად მოსიარულეთა უფლებები იყოს დაცული და პრობლემის გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა პრობლემას კომპლექსურად უნდა შევხედოთ და დავიწყოთ იმ პრობლემის აღმოფხვრით, რამაც აიძულა მძღოლები "დაეპყროთ" ტროტუარები.

აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ მაშინ იქნება მისაღები, თუ ბატონი დავით ნარმანია დამატებით, პარკირების მინიმუმ 500 ადგილს შექმნის. დღევანდელ რეალობაში, როდესაც ავტომობილების პარკირების სისტემა საცობების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზია, და ავტომობილების რაოდენობა ბევრად აღემატება პარკირების ადგილების რაოდენობას, აღნიშნული ინიციატივა თბილისში საავტომობილო ტრანსპორტის პარალიზებას გამოიწვევს!

არ არსებობს ფეხით მოსიარულე, რომელიც არ სარგებლობდეს საავტომობილო ტრანსპორტით, შესაბამისად თუ მოხდება საავტომობილო ტრანსპორტის პარალიზება, პარალიზებული იქნება ფეხით მოსიარულეც. შესაბამისად, ამ ინიციატივით დედაქალაქში ვერ მოგვარდება საცობების პრობლემა და ვერც ქვეითად მოსიარულეები იგრძნობენ შვებას. პრობლემის აღმოფხვრა უნდა დაიწყოს ახალი პარკირების ადგილების შექმნით, სწორედ ეს უნდა იყოს თბილისის მერიის პრიორიტეტი და არა - რეგულაციებისა თუ ჯარიმების დაწესება. მსგავსი მიდგომებით თბილისის მერია ბრძოლას მძღოლებს უცხადებს, შედეგად კი კვლავ თბილისის მოსახლეობა დაზარალდება.

ვასო ურუშაძე, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა"