უახლოეს დღეებში საწვავზე ფასი 3-5 თეთრით გაიზრდება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 25-თეთრიან მატებას უნდა ველოდოთ - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საწვავზე ფასი 3.5-4 ლარამდე გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა“, - ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

ვანო მთვრალაშვილის პროგნოზით, მოკლევადიან პერსპექტივაში რეგულარის ტიპის საწვავზე ფასი 5 თეთრით მოიმატებს, ხოლო შედარებით დიდ დროში ფასის 25 თეთრამდე ზრდაცაა მოსალოდნელი.

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საწვავზე ფასი 3.5-4 ლარამდე გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი, ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. წლის დასაწყისიდან დღემდე 22%-ით არის გაზრდილი, თუმცა ჩვენ გვაქვს პოზიტიური ტენდენცია ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საწვავზე ფასი გაიზრდება, მაგრამ არა ასე მასშტაბურად. იმ პირობებში, როცა თითქმის ყველაფერზე იზრდება ფასი, საწვავი ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიურია და ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, როცა მკვეთრ ნეგატიურ პროგნოზზეა საუბარი.

წლის დასაწყისიდან ნავთობინდუსტრია ერთადერთია, სადაც ფასი არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ბაზრებზე ფასი იზრდება, საქართველოში ფასი სტაბილური და უცვლელია. ეს არის მტკიცებულება, რომ საერთაშორისო ბაზრის ტენდენცია საქართველოზე მყისიერად არ აისახება.

რეგულარის ტიპის საწვავი, რომლის მომხმარებელი მოსახლეობის 70%-ია, უახლოეს დღეებში 3-5 თეთრით გაიზრდება. შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში კი ფასის დაკორექტირებას მატებისკენ 25 თეთრით ველოდებით. თუმცა, რომ არა ლარის გამყარება დოლართან მიმართებით, ამის მიღმა ზრდა 10-15 თეთრი იქნებოდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, იმაზეც, მოხდება თუ არა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დეესკალაცია. ვერანაირი არითმეტიკით 3.50 რეგულარი ვერ გახდება. ფასები ჯერ 5 თეთრითაა გაზრდილი, ისიც რიგ გასამართ სადგურებზე და არა ყველგან“, - განაცხადა მთვრალაშვილმა ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი