ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, იანვრის საბიუჯეტო პარამეტრები ოპტიმისტურია

იანვრის თვის საბიუჯეტო პარამეტრები ოპტიმისტურია და საკმაოდ კარგ იმედს იძლევა, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

ხადურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს იანვრის თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გააცნო, რომლის წარმოდგენაც სხდომაზე მას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სთხოვა. "ნაერთი ბიუჯეტის საგადასახო შემოსავლების პროგნოზი იყო 539,8 მილიონი ლარი. ფაქტობრივად, მიღებულია 570,5 მილიონი ლარის გადასახადები, რაც წლიური გეგმის 7,1 პროცენტია. შემოსული თანხა საპროგნოზო მაჩვენებელს 31 მილიონი ლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44 მილიონი ლარით აღემატება. 2015 წლის იანვარში ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 725 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 115 მილიონი ლარით მეტია, ასევე წარმოადგენს პირველი კვარტლის გეგმის 33 და წლიური გეგმის 7,3 პროცენტს. ეს კარგი მაჩვენებლებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით მარტი, მაისი, სექტემბერი, ნოემბერი, დეკემბერი უფრო მაღალია", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. რაც შეეხება ხარჯებს, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, იანვარში 656 მილიონი ლარი დაიხარჯა.

"გაწეულია 656 მილიონი ლარის ხარჯი, რაც წლიური გეგმის 7 პროცენტს შეადგენს. შედარებისთვის გეტყვით, რომ შარშან იანვარში წლიური გეგმის 6 პროცენტი იყო ათვისებული. მინდა, გამოვყო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც წელს იანვარში აშკარად გააქტიურებულია და ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს - მას წლიური გეგმის 4 პროცენტზე მეტი აქვს შესრულებული. რაც შეეხება მიმდინარე ხარჯებს, მისი შესრულებაა წლიური გეგმის 8 პროცენტი. კაპიტალურ ხარჯებთან დაკავშირებით კი ვმუშაობთ, რომ როგორც კი საშუალება გვექნება, გააქტიურდეს არა მარტო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, არამედ ყველა ის სამინისტრო, რომელსაც კაპიტალური ხარჯები აქვს, ეს არის განათლების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო", - აღნიშნა ხადურმა.