გააძვირებენ თუ არა ბანკები საპროცენტო განაკვეთს?

"ძალიან დიდი კრიზისი უნდა დაიწყოს, ეს რომ მოხდეს. ამით მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევენ."

როგორც ცნობილია, სესხის გაცემისას ბანკები უფლებას იტოვებენ, ხელშეკრულების პირობებში ცვლილება ნებისმიერ დროს შეიტანონ. ამიტომ, ლარის გაუფასურებამ ბანკის მსესხებლებს დიდი თავსატეხი გაუჩინა - ხომ არ გაუძვირდებათ საპროცენტო განაკვეთი? პასუხად ბანკებში ამბობენ, რომ საპროცენტო განაკვეთს არ გააძვირებენ.

თუმცა, ბანკების ხელშკრულების პირობებში ვკითხულობთ, რომ ეროვნული ვალუტის ინფლაციის შემთხვევაში, ბანკი უფლებას იტოვებს, სესხის პროცენტი 1, 55%-ით გაზარდოს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მოცემულ ეტაპზე ინფლაცია 15%-ია. იმ შემთხევაში, თუ ეს მაჩვენებელი კიდევ მოიმატებს, შესაძლოა, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი გაუზარდონ. ამ ეტაპზე ამის საფრთხეს საბანკო ექსპერტი ლია ელიავა ვერ ხედავს. მისი თქმით, მოცემულ მომენტში ლარის დევალვაციამ ფინანსურად აზარალა ის მსესხებელი, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული.

"როდესაც ლარი უფასურდება, მსესხებელს კი ვალი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული, იმავდროულად შემოსავალი ლარში აქვს, რა თქმა უნდა, ვალუტის გადახდის ხარჯი ყოველთვის იზრდება. ეს ზრდა ლარის კურსის ვარდნის პროპორციულია. გარდა ამისა, შესაძლებელია საპროცენტო ხარჯი იმ მსესხებლებს გაეზარდოთ, ვისი სესხის საპროცენტო განაკვეთი მიბმულია ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ის გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას ანუ გაზრდის მათ შორის რეფინანსირების განაკვეთსაც. მნიშვნელოვანმა სავალუტო რყევამ, რომელსაც ბოლო 2-3 თვის მანძილზე ადგილი ჰქონდა, მსესხებელს სესხის დაფარვის ხარჯები გაუზარდა. რაც შეეხება მათ, ვისაც სესხი ლარში აქვთ აღებული - პრაქტიკულად, ამ სესხის დაფარვის ხარჯი არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, მსესხებელი ყოველთვის დაინტერესებული უნდა იყოს, რომ სესხი ლარში აიღოს." - ამბობს ლია ელიავა.

თუმცა, საქართველოში ზოგიერთ ფინანსურ სექტორში ანგარიშსწორება ლარის ნაცვლად, უცხოურ ვალუტაში მიმდინარეობს, რასაც საბანკო ექსპერტი კანონდარღვევას უწოდებს. მისი თქმით, სწორედ უცხოური ვალუტის მიმოქცევამ განაპირობა ლარის დევალვაცია.

"საქართველოს ეროვნულ ბანკის "ანგარიშის გახსნისა და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების განხორციელების შესახებ" ნორმატიულ დოკუმენტის მე-11 პუნქტში წერია, რომ კომერციულ ბანკებს საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწერისთვის უცხოური ვალუტით ანგარიშსწორება ეკრძალებათ, გარდა ექსპორტ-იმპორტის ოპერაციისთვის დაკავშირებული გადარიცხვებისა. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის ბრძანების მიუხედავად, კომერციული ბანკები შიდა სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემას აგრძელებენ. ლარის ასეთი მკვეთრი მერყეობა სხვა ფაქტორებთან ერთად, მეტწილად განპირობებულია იმით, რომ ლარს საკუთარ ქვეყანაში ავტორიტეტი არ აქვს. ფინანსური დისციპლინა ირღვევა. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში წერია, რომ ლარი საქართველოში გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალებაა. 90-იანი წლების დასაწყისის პერიოდი მეორდება, როცა ეკონომიკური სექტორი ეროვნული ვალუტის მომსახურებიდან ამოვარდნილი იყო. სიტუაცია უნდა შეიცვალოს. ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაციის მაჩვენებლი ძალიან მაღალია. სანამ ეს საკითხი არ დარეგულირდება, საქართველო ყოველთვის იქნება სავალუტო კრიზისის საფრთხის წინაშე. შეგახსენებთ, 2014 წელს ეს კრიზისი ორჯერ იყო, 2015 წელსაც მოხდება და სისტემატიურად განმეორდება, სანამ ეკონომიკაში საფინანსო დისციპლინა არ აღდგება," - ამბობს ელიავა.

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ლარის დევალვაცია სესხების საპროცენტო განაკვეთებზე, მით უმეტეს ძველ სესხებზე და თან მოკლევადიან პერიოდში პირდაპირ არ მოქმედებს, თუ ისინი გაცემულია ლარში. "რაც შეხება დოლარში გაცემულ სესხებს, აქ დგას არა საპროცენტო განაკვეთების, არამედ სავალუტო რისკის პრობლემა. ამიტომ სავალუტო რისკის დასაზღვევად ყველაზე კარგი რეკომენდაციაა, სესხი აიღოთ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალს იღებთ. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისას ცვლილებას განიცდის ის სესხები, რომლებიც გაცემულია ლარში ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით და მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. ეს თანაბრად ეხება როგორც ძველ, ისე ახალ სესხებს. ამდენად, იმის რისკი, რომ კლიენტებს ბანკიდან აღებული სესხის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი გაუძვირდეთ, მინიმალურია," - ამბობს ცუცქირიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ ბანკები მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთს არ გაუზრდიან. "შარშან ნოემბრიდან მოყოლებული, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული, ხოლო შემოსავალი ლარში აქვს, ყოველთვიური ხარჯი გაეზარდათ. დაახლოებით, 100 დოლარზე 20-%ით გაუძვირდათ. თუ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის, საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება. თუმცა, არა მგონია, რომ ბანკებმა სამომხარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი თვითნებურად გაზარდონ. მართალია, ცალმხრივად ხელშეკრულებაში წერია, რომ ბანკს საპროცენტო განაკვეთში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს, მაგრამ ეს ხდება ძალიან ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ეს მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი კრიზისი უნდა დაიწყოს, რომ ეს მოხდეს,"- დასძინა გიორგი კეპულაძემ.

პრაქტიკულად, ჩვენს ქვეყანაში სესხის დაზღვევის პროგრამა არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში იმ რისკის დაზღვევა, რომელიც დღეს კომერციულ ბანკებს მსესხებელზე გადააქვთ, თავად ბანკს დაეკისრება. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კრედიტის დაზღვევის შემთხვევაში, მსესხებელს ხარჯი კიდევ უფრო გაუძვირდება. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, რომ ბევრმა დაზღვევაზე უარი თქვას.

საბანკო ექსპერტების თქმით, ჩვენთან სადაზღვევო ბაზარი სუსტად არის განვითარებული. ამიტომ, სადაზღვევო კომპანიები პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან, რადგან ფორსმაჟორულ სიტუაციაში სესხის ღირებულება ბანკმა უნდა გადაიხადოს. "იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს მოულოდენელად სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ბანკი ვალდებულია სესხი დაფაროს. ასეთ რისკზე სადაზღვევო კომპანია არ წავა. ამასთან, ჩვენისთანა ღარიბი მოსახლეობა დამატებით დაზღვევის თანხას ფინანსურად ვერ გასწვდება. ეს სახელმწიფოს პრობლემაც არის. საჭიროა კანონმდებლობის დარეგულირება," - ამბობს ლია ელიავა.

სალომე გოგოხია