რა ღირს და რომელმა კომპანიამ დაამზადა პუტინის ცნობილი გრძელი მაგიდა

კრემლის მეტად გრძელი მაგიდა, რომელსაც პრეზიდენტ პუტინი უცხოელ ლიდერებთან შეხვედრების დროს იყენებს და რომელმაც მსოფლიო ყურადღება მიიპყრო, იტალიაში, მცირე საოჯახო კომპანიამ დაამზადა. Reuters-ის ცნობით, ამავე კომპანიას კრემლის ათობით სხვა ოთახი აქვს მოწყობილი.

თეთრი მაგიდა, რომელიც, დაახლოებით, 6 მეტრის სიგრძისაა, სოციალურ მედიაში ურიცხვი მემის წყარო გახდა.

რენატო პოლონა აცხადებს, რომ გრძელი მაგიდა არის ერთ-ერთი იმ მრავალი ნივთიდან, რომელიც მისმა კომპანია Oak-მა 1995-1997 წლებში, კრემლისთვის კონტრაქტით დაამზადა.

„ეს მაგიდა მართლაც აისბერგის მწვერვალია. მთლიანობაში, კრემლს ავეჯი და აღჭურვილობა, დაახლოებით, 70 ოთახისთვის მივაწოდეთ. ზოგიერთი სხვა მაგიდა თეთრ მაგიდაზე უფრო დიდია,“ - განუცხადა Reuters-ს რენატო პოლონამ.

მისი თქმით, მაგიდის ზედაპირი დამზადებულია წიფლის ხისგან, რომელიც სამ სადგამს ეყრდნობა. დაფარულია თეთრი ლაკით და გვერდებზე მოოქროვილია. მაგიდის დღევანდელი ფასი, დაახლოებით, 100 000 ევრო, 113 660 დოლარია.

„მეტად სასიამოვნოა ყველგან ჩვენი მაგიდის ფოტოების ხილვა. იმედი ვიქონიოთ, რომ ის გარკვეულ იღბალს მოიტანს და მოსალოდნელ ომს შეაჩერებს,“ - აცხადებს რენატო პოლონა.

1990-იანი წლების კონტრაქტით, კომპანია Oak-მა კრემლის ორ სართულზე გაშლილი, დაახლოებით, 7000 კვადრატული მეტრის ფართობი, მათ შორის, პრეზიდენტის კერძო რეზიდენცია მოაწყო. პოლონა ამბობს, რომ კრემლის სივრცე საბჭოთა დიქტატორმა, იოსებ სტალინმა გამოშიგნა, ამიტომ რუსმა დიზაინერებმა არქივში ჩაიხედეს, რომ 1917 წლის რევოლუციამდელი დიზაინი აღედგინათ და Oak-ს თითოეული ოთახისთვიs ესკიზები შეუკვეთეს.

კონტრაქტი 40-დან 50 მლნ ევრომდე დაჯდა. მთელი ავეჯი იტალიაში დამზადდა, შემდეგ კი რუსეთში გადააფრინეს, სადაც ის, კრემლში გადატანამდე, მოსასმენ მოწყობილობებზე შესამოწმებლად გიგანტურ სკანერებზე გაატარეს.

ეს იყო ყველაზე დიდი შეკვეთა, რაც Oak-ს ოდესმე ჰქონია. თუმცა რენატო პოლონა აცხადებს, რომ მისი კომპანია მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ბრუნეისა და ტაილანდის სამეფო სასახლეებიდან იღებდა შეკვეთბს.

კომპანია Oak რენატოს ბაბუამ დააარსა და მასში, დაახლოებით, 50 ადამიანი არის დასაქმებული.

„იტალიაში საუკეთესო რაც არის, სწორედ საოჯახო ბიზნესია, რომელიც უნარებსა და რესურსებს თაობიდან თაობას გადასცემს,“ - აცხადებს Oak-ის მფლობელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ