ნოდარ ხადურს იმედი აქვს, რომ ლარის კურსი მეტად არ შეიცვლება

აჟიოტაჟი ჩაცხრა და საბაზრო მექანიზმები საკმარისია იმისთვის, რომ ლარის კურსი სტაბილური იყოს.

ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, რატომ არ ჩაერია ეროვნული ბანკი ლარის კურსის დასტაბილურებაში, ვინაიდან ამას აპირებდა. როგორც ხადურმა განაცხადა, კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკს არ მოუწია ჯერჯერობით ჩარევა, ვინაიდან ამის საჭიროება აღარ იყო, რადგან კურსის გამყარების ტენდენცია შეიმჩნეოდა.

"როგორც ჩანს, და რაზეც გვქონდა საუბარი გასული კვირის განმავლობაში, რომ ეს მაინც აჟიოტაჟი იყო. ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა და საბაზრო მექანიზმები საკმარისია იმისთვის, რომ კურსი იყოს სტაბილური. უნდა გითხრათ, რომ ვაჭრობის შედეგები პრაქტიკულად უცვლელი რჩება სამი დღის განმავლობაში, ჩარევის გარეშე, რაც უკვე საკმაოდ სერიოზულ იმედს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ კურსი მეტად არ შეიცვლება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, მთავრობამ გაანალიზა ერთი წლის განმავლობაში კურსის ცვალებადობა და უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცურავი კურსის ვალუტა არის ლარი.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 5 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 1.9977 ლარად არის შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც 4 თებერვალს მოქმედებდა, 1.9933 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0044 ლარი შეადგინა.