თხილის ფასმა შესაძლოა მალე 12 ლარს მიაღწიოს

თხილის ფასმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა - რამდენიმე დღის წინ 1 კგ თხილის ფასმა 11 ლარს გადააჭარბა.

იმის მიუხედავად, რომ თხილის ფასი კვლავ 11 ლარზე ჩამოვიდა, ზუგდიდელი ბიზნესმენები ფასის მომატების მოლოდინში არიან.

კობა ფაჟავა, თხილის რეალიზატორი: "პატარა ქარხნები ამ დროისთვის 11 ლარში იბარებენ, ოღონდ საუკეთესო ხარისხის თხილს, რომელსაც თავად არჩევენ - შეძენამდე, იქვე ამტვრევენ რამდენიმეს და საგულდაგულოდ ამოწმებენ. ჩვენ გრძელვადიანი კონტრაქტორები გვყავს - თურქები, იტალიელები და გერმანელები, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან დოლარის კურსს და თავს იზღვევენ. დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, თხილის ფასიც თამაშობს. ეს პერიოდი ბიზნესმენებისთვის ძალიან რთული და სახიფათოა, რადგან თხილს ჩვენ ლარში ვიბარებთ და დოლარში ვყიდით. უხლოეს დღეებში არ გამოვრიცხავ, რომ საუკეთესო ხარისხის თხილის ფასი 12 ლარამდე აიწევს".

ლალი პაპასკირი