პროდუქტის გაძვირების გამო მოსახლეობამ იაფი საქონლის ყიდვას მოუხშირა

დეკემბერ-იანვარში გაუფასურებულმა ლარმა მცირედი გამყარება 30 იანვრიდან დაიწყო.

როგორ იმოქმედა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ, "რეზონანსი" მომხმარებელთან ერთად, ბაზარში მოვაჭრეებს, უბნის მაღაზიების მფლობელებს და სუპერმარკეტების ქსელის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. გაირკვა, რომ ფასმა იმპორტირებულთან ერთად ადგილობრივ პროდუქციაზე მოიმატა. ამან კი მოთხოვნის შემცირება და ამასთან ერთად, მუშაობის ჩავარდნა გამოიწვია. საფასო ცვლილება მტკივნეულად შეეხო როგორც მყიდველებს, ისე გამყიდველებს.

თბილისელი ლია ჯანელიძე ამბობს, რომ პროდუქციის გაძვირება მისი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად უკვე აისახა. "ლარის კურსის გაუფასურებამ სავაჭრო ქსელებში სურსათი გააძვირა და ეს ჩემს ჯიბეზე ძალიან ცუდად აისახა. დანახარჯი რამდენით გამეზარდა, ჯერ ვერ გეტყვით. ვცდილობ, რომ როგორმე მაქსიმალურად შევამცირო, მაგრამ არ გამომდის. მე პირადად უარი ვთქვი ისეთ იმპორტირებულ პროდუქციაზე, რაც ყველაზე მეტად არის გაძვირებული. მაგალითად, ბავშვთა საკვებს "ჰუმანას" ფასი არ გაზრდია. ზოგიერთ ქართულ პროდუქტს ღირებულება შენარჩუნებული აქვს, თუმცა როდემდე გაგრძელდება ეს, არ ვიცი. იმპორტირებულ პროდუქტზე ფასი მინიმუმ 10%-ით მაინც არის მომატებული, ეს კი ჩვენი ოჯახისთვის დიდი ტვირთია", - ამბობს ლია ჯანელიძე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,2 პროცენტი შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1,2 პროცენტით გაძვირდა, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,38 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასის მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (7,5 პროცენტი), ხილსა და ყურძენზე (4,2 პროცენტი) და რძის ნაწარმსა და კვერცხზე (1,3 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა 4,5 პროცენტით, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,23 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ზრდა განაპირობა თამბაქოს ნაწარმზე ფასების 7,6 პროცენტიანმა მატებამ. რაც შეეხება ტრანსპორტს, სტატისტიკაში აღნიშნავენ, რომ მომსახურების ამ სფეროში 3,7 პროცენტიანი კლებაა, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე - 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასის კლება დაფიქსირდა საწვავ-საპოხ მასალებზე - 7,3%-ით.

2015 წლის იანვარში, 2014 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონე საქართველოში 1,4 პროცენტია. ყველაზე საეჭვო ისაა, რომ ერთი წლის განმავლობაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები მხოლოდ 1,7 პროცენტით გაძვირდა. მომხმარებელი ცდილობს, ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს გვერდი აუაროს და ის პროდუქცია შეიძინოს, რაზეც ღირებულება იგივეა შენარჩუნებული.

"იმას ვყიდულობ, რაც იაფია. შესაბამისად, ბევრი ხარისხიანი პროდუქტი უხარისხოთი ჩავანაცვლე, შედარებით იაფი პროდუქტით. ასევე ვცდილობ შესაძენი პროდუქტების ჩამონათვალი მაქსიმალურად შევამცირო. მიუხედავად ჩემი ასეთი მცდელობისა, ჯამში, რომ დავთვალე, დანახარჯი თვეში 50 ლარით მაინც გამეზარდა. მოიმატა ფასმა შაქარზე, კვერცხზე, გაყინულ ხორც-პროდუქტებზე, ქათმის ფილეზე, ბრინჯზე, წიწიბურაზე. მაგალითად, წიწიბურა 2 ლარი ღირდა და ახლა მისი ღირებულება 2,40 ლარამდე აღწევს. ზეთის ფასმა დაახლოებით 20 თეთრით მოიმატა, ქათმის და ხორცის ფილე 1 ლარით არის გაძვირებული. ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რასაც ხშირად ვყიდულობთ. სწორედ ამიტომაც თავიდან ვცდილობდი ჩამენაცვლებინა ქართული ნაწარმით, ანუ იმ პროდუქტებით, რაზეც ფასი ძალიან არ არის გაზრდილი, თუმცა ღირებულების მატება ადგილობრივი წარმოების პროდუქტებსაც შეეხო",- ამბობს ბესო ბიზიკაშვილი.

ამ ყველაფრის ფონზე, სუპერმარკეტებს, ბაზარში მდგომ ხალხს და უბნის მაღაზიებს მუშაობა ჩაუვარდათ. ისინი ამის მიზეზად მცირე ფინანსურ სახსრებს და დანახარჯის ზრდას ასახელებენ. მათი განმარტებით, წინა თვეებთან შედარებით, ხალხს ხარჯი 30%-ით მაინც გაეზარდათ. ფინანსურ კრიზისს განიცდიან უბნის მაღაზიების მფლობელებიც. მათ "რეზონანსთან" საუბრისას იმპორტირებულ და ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ფასის მატებასთან ერთად, მომხმარებლის შემცირებაზე და მუშაობის ჩავარდნაზეც გააკეთეს აქცენტი. მათი შეფასებით, დოლარის ზრდამ და ამის შედეგად პროდუქციის ღირებულების მატებამ გამოიწვია ის, რომ კლიენტთა რაოდენობა განახევრებულია, რადგან ხალხი არსებობაზეა გადასული და ცდილობს, მინიმალური დანახარჯი გაწიოს.

"შემოსატანი ფასი 5-დან 30%-მდე გაიზარდა. მაგალითად, გაძვირდა ზეთი, კარაქი დაახლოებით 10-15%-ით, სხვადასხვა ტკბილეული - 5-30%-ით. ჩამოთვლა გამიჭირდება. დიდ მაღაზიებს ახალი წლის პროდუქციაც ვერ გაუყიდიათ. მე რაღაცეები გათვლილი მქონდა, თუმცა ასე თუ ისე მაინც ჩაკვდა მუშაობა", - აცხადებს ორთაჭალაში მდებარე შპს "ჯასუს" დირექტორი სულიკო ჯამრიშვილი.

ფასის მატებაზე საუბრობენ "ნუგეშშიც", თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილება ყველა იმპორტირებულ პროდუქტს არ შეეხო და ღირებულების ზრდა პროდუქციის ნაწილზე მოხდა. "ის კომპანიები, რომლებიც ისეთ მასალას იყენებენ, რომელიც არის იმპორტირებული, თუნდაც შესაფუთი მასალა, ასეთი პროდუქცია მცირედით გაძვირდა. გაძვირება ყველაზე ნაკლებად ქართულ პროდუქტს შეეხო. რაც შეეხება მოთხოვნას, ის არც გაზრდილა და არც შემცირებულა," - ამბობენ "ნუგეშში".

მომწოდებლების მხრიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების მატების ტენდენციის მიუხედავად, ფასის "დაჭერაზე" მუშაობენ სუპერმარკეტების ქსელ "ნიკორაში".

"ლარის გაუფასურების პარალელურად, უკვე დაიფქსირდა ზრდა საშუალოდ 5-15%. შესაბამისად, გარკვეული კატეგორიის პროდუქტებზე "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელში ფასების კორექტირებას უკვე ჰქონდა ადგილი. პროდუქციის ნაწილზე კომპანია ჯერჯერობით საკუთარი სახსრებით ახერხებს არსებული ფასების შენარჩუნებას. ადგილობრივი მომწოდებლების, მათ შორის "ნიკორას"  ჰოლდინგის ქვეშ არსებული კომპანიების მხრიდან პროდუქციის გაძვირების პრეცედენტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება იმას, გამოიწვია თუ არა ფასების მატებამ მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირება, ამის თქმა გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება შესაძლებელი", - აცხადებენ "ნიკორაში".

მარიამ აფციაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"