,,მარნეულში ფერმერები პროდუქტს რომ წყალს ატანდნენ, ის მონაგონი იქნება“ - როგორ აისახება საქართველოზე თურქეთის მიერ საკვებზე დღგ-ს შემცირება

ინფლაციის შემცირებისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის გამო თურქეთი საკვებ პროდუქტზე დღგ-ს 8%-დან 1%-მდე ამცირებს. როგორ აისახება მეზობელი სახელმწიფოს გადაწყვეტილება ქართულ ბაზარზე და ქართველ მეწარმეებზე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, მსგავს ვითარებაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შემაგებებელი ნორმა, რომელიც ადგილობრივ მეწარმეს დაიცავს.

„თურქეთის პოლიტიკა შეიცვალა და ახლა მთლიანად არიან ორიენტირებული ექსპორტზე მიმართულ აგრესიულ კამპანიაზე. ხელშეწყობისთვის კეთდება ყველაფერი და ელოდებიან, რომ უახლოეს 10 წელიწადში 50 მლრდ-ით გაზრდიან შემოსავალს აგრარული პროდუქციის გატანიდან.

რამდენიმე თვის წინ მომიწია თურქეთში პოლიტიკის განმსაზღრელ პირებთან კომუნიკაცია და შეხვედრები. იქ იყო საუბარი ზუსტად ამაზე, რომ ჭარბწარმოება აქვთ განსაკუთრებით ბოსტნეულის მიმართულებით და სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია, რომ მოხდეს გაწოვა. მით უფრო, კოვიდის დროს შეიქმნა ეკონომიკაში პრობლემები და ახლა ამის მოგვარებისკენაა მიმართული ნაბიჯები.

საქართველოს აქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა უკვე 1 წელია, რომელიც როგორც იქნა, მივიღეთ. კიდევ სხვა საკითხია, როგორ მუშაობს და რამდენად ქმედითია, მაგრამ მექანიზმი ნამდვილად არსებობს, რომ ბაზრის მოთამაშეებმა, პირობითად მებოსტნეების 50%-მა უნდა მიმართონ ხელისუფლებას და დააყენონ წინადადება, რომ საქმე აქვთ დემპინგთან. ჩატარდება მოკვლევა და დადგენის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს შემაგებებელ საბაჟო ტარიფს, რომელიც ადგილობრივ მეწარმეს გაუთანაბრებს მეწარმეს, რომელსაც დემპინგით შემოაქვს. ეს აუცილებლად გასაკეთებელია, მაგრამ აგრარულ სექტორში იმდენად დივერსიფიცირებული და არაკოორდინირებულია ბაზარი და არ ჰყავთ ასოციაციაც კი, რომ ეს ძალიან რთული იქნება. განსხვავებით მაგალითად, კვერცხის და ხორცის ბიზნესისგან, სადაც საკუთარი ბიზნესის დაცვის რესურსი ბევრ კომპანიას აქვს.

ახლა მთავარია, რას უნდა ველოდოთ თურქეთში გადასახადის დაწევის შემდეგ. პირველ რიგში, როგორც კი საგაზაფხულო პროდუქტი წამოვა, მარნეულში ფერმერები პროდუქტს რომ წყალს ატანდნენ, ის მონაგონი იქნება. ეს მასობრივ ხასიათს მიიღებს.

თურქეთი, თავის მეწარმეებს ყველანაირად უწყობს ხელს, საგრანტო პოლიტიკით დაწყებული საბაჟოზე გატანამდე და ჩვენს შემთხვევაში არანაირი ხელშეწყობა არ არის. პრევენციული ნორმა უნდა არსებობდეს, მაგრამ მე არ ვიცი, რას გეგმავს ხელისუფლება ამ მხრივ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსგავს კითხვებზე ძალიან ღიზიანდება და ამბობენ, რომ ჩვენ თავისუფალი სავაჭრო პრინციპებით ვმოქმედებთო. ეს არაფერ შუაშია, ევროკავშირის ქვეყნებშიც ყველა სახელმწიფო ორიენტირებულია საკუთარ მეწარმეზე და ჩვენს ყველა შეთანხმებაში ამისკენ მოგვიწოდებენ“ - განუცხადა გიგაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ინფორმაციისთვის, თურქეთმა საკვებ პროდუქტზე დღგ 8%-დან 1%-მდე შეამცირა. შემცირების ქვეშ მოექცა თითქმის ყველა პროდუქტი, როგორიც არის ბრინჯი, თხილი, ასევე, წყალი, ჩაი, შაქარი, მარილი, ზეთები და ცხიმპროდუქტები, წითელი ხორცი, თეთრი ხორცი, თევზი, რძე, იოგურტი, ყველი, ზეთისხილი და მისგან დამზადებული პროდუქტები.

ამ სიაშია კვერცხიც, კარტოფილი, ხახვი, წიწაკა, პომიდორი, კიტრი, ხილი, კონსერვები, მწნილი, ტომატის პასტა, მურაბა, თაფლი, ბადაგი, ჰალვა, თხილის პასტა, შოკოლადი, რახათ-ლუხუმი, ორცხობილა, კრეკერი, ვაფლი, ნამცხვრები, ტორტები, ფახლავა, ვერმიშელი, ბურღული, თხილი, ნიგოზი, ფისტა, ნუში, მშრალი თხილის პროდუქტები, სუნელები და ბავშვთა საკვები.

თამარ მუკბანიანი