ტურიზმი აღდგენის ზღვარზეა?! - მსოფლიოში ჯავშნების რაოდენობა იზრდება

მსოფლიოში ჯავშნების რაოდენობა იზრდება. საცხოვრებელი სახლებისა და ბინების გამქირავებელ კომპანია Airbnb - ში აცხადებენ, რომ მოგზაურები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში სამოგზაუროდ ბრუნდებიან. გასული წლის ბოლო სამ თვეში დაჯავშნილი საცხოვრებლების რაოდენობა კი, თითქმის, პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს ემთხვევა.

Airbnb - ის შემოსავალი 2021 წლის ბოლო სამ თვეში 75%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ეს კი, 20%-იანი ზრდაა 2020 წელთან შედარებით.

მთლიანობაში 2021 წლისთვის Airbnb- მა მიიღო 6 მილიარდი შემოსავალი, ხოლო ზარალი შემცირდა 352 მილიონ დოლარამდე.

„2021 წლის იანვრამდე, სამ თვეში დაჯავშნილი ღამის რაოდენობა 49%-ს შეადგენს,“- აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელსაც BBC ავრცელებს.

აქვე ნათქვამია, რომ აშშ-ში ურბანული ჯავშნები სრულად აღდგა, ხოლო მეოთხე კვარტალში მოგებამ 55 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

”მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებში მოგზაურობა ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი 2019 წლის დონეზე, ჩვენ ვხედავთ მოგზაურთა დაბრუნების ნიშნებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია ელოდება, რომ 2022 წლის პირველ სამ თვეში დაჯავშნილი საცხოვრებლების რაოდენობამ შესაძლოა, პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბოს, აღნიშნულ პროგნოზს ემატება ისიც, რომ ომიკრონის პერიოდში ჯავშნების აქტიური გაუქმების პროცესი არ აღინიშნებოდა.

ქრისტინე კაპანაძე