პირველი TEDx კონფერენცია ქართველი სტუდენტების ორგანიზებით

იენა-ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში პირველი სამეცნიერო TEDx-ის კონფერენცია იმართება. ამ მოვლენამ დიდი ინტერესი დაიმსახურა მთელს გერმანიაში. იდეის ავტორი და მთავარი ორგანიზატორები კი ქართველი სტუდენტები არიან.

პროექტის ფარგლებში ქართველმა ორგანიზატორებმა თანაკოორდინატორებთან ერთად მოახერხეს უნივერსიტეტისგან სრული მხარდაჭერის მოპოვება და სხვადასხვა სპონსორებისგან პროექტის ხარჯების დაფარვისთვის საჭირო დაფინანსების მოზიდვა.

კონფერენციაზე 12 გამომსვლელია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან (იტალია, ბელგია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები) ჩადიან იენაში. მათ შორის არის მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი და ნობელის პრემიის კანდიდატი ჯოვანი დოზი. ღონისძიებას ესწრება 300 სტუმარი, მათ შორის ქალაქის მერი, ტურინგენის მიწის პრეზიდენტი და სხვა. კონფერენცია შუქდება ადგილობრივი მედიის მიერ. ლაივსტრიმის საშუალებით მოხდება პირდაპირი ტრანსლაციაც.

ეს არის პირველი TEDx კონფერენცია არა მარტო იენაში, არამედ მთელს აღმოსავლეთ გერმანიაში.

TEDx-ი არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კონფერენციების ქსელი, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც ნოვატორული იდეების გავრცელების საუკეთესო პლატფორმა. კონფერენცია განსხვავდება სხვა ყველა მსგავსი ტიპის ღონისძიებებისგან რამდენიმე დეტალით, რომელთაგან განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის, რომ ყველა გამოსვლა იწერება და იტვირთება ოფიციალურ საიტზე (სადაც 2012 წელს ონლაინ მნახველთა რიცხვმა 1 მილიარდს გადააჭარბა). მსგავსი მიდგომიდან გამომდინარე, ინტერნეტ საიტი TED.com ჩამოყალიბდა როგორც ახალი იდეების, ინოვაციებისა თუ აღმოჩენების უფასო გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო. კონფერენციაზე გამოსვლა ძალიან დიდი პრესტიჟის საკითხია და სპიკერებს შორის ყოფილან ბილ გეითსი, დევიდ ქემერონი, ბილ კლინტონი, პროფესორი დენ არიელი, სტივენ ჰოკინგი და ა. შ.

ფრიდრიხ-შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი შედის გერმანიის 10 ყველაზე ძველ უნივერსიტეტში მისი 500-წლიანი ისტორიით. უნივერსიტეტი არის 6 ნობელის პრემიის ლაურიატის ალმა მატერი. ყველაზე ცნობილ კურსდამთავრებულებში კი უნდა აღინიშნოს კარლ მარქსი.