ვინ არის ექსტროვერტი ჩეხი მილიარდერი, რომელიც შესაძლოა, ქვეყნის  პრეზიდენტი გახდეს

გამოცემა Euronews წერს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, ჩეხეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს და ქვეყნის პრეზიდენტი 48 წლის ექსტროვერტი მილიარდერი - კარელ იანეჩეკი გახდეს.

განათლებით იანეჩეკი მათემატიკოსია. მან პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი მათემატიკისა და ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლა კი აშშ-ში გააგრძელა.

2007-13 წლებში ის პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობდა. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოსცა.

2013 წლიდან მან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად დაიწყო. ჩეხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა კორუფციაში ბრალდებული პირები გაათავისუფლა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. სწორედ ამ დროს კარელ იანეჩეკმა დააფინანსა ონლაინ ვიდეოები და გამოცემები, სადაც ჩეხებს მოუწოდებდა ხელი მოეწერათ პეტიციაზე პრეზიდენტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.

2012 წელს ის საარჩევნო სისტემის ახალი მოდელის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელიც არჩევნებში ხმის მიცემის დროს ასევე იძლევა საშუალებას რომელიმე კანდიდატს „მინუს ხმა“ მისცე. შესაბამისად, ხმის მიცემის დროს მოქალაქე ირჩევს მისთვის ყველაზე სასურველ და ყველაზე ნაკლებად სასურველ კანდიდატებს. სისტემის სახელწოდებაა D21 – Janeček method.

იანეჩეკის პროექტი გამოიყენეს 2016 წელს ნიუ-იორკში არჩევნების დროს, როდესაც ხალხს მერიის მიერ შემოთავაზებული მათთვის ყველაზე მეტად და ნაკლებად სასურველი პროექტები უნდა აერჩიათ.

სწორედ პროექტი D21 – Janeček method გახდა მისი წარმატების მთავარი მიზეზი. Forbes-ის მიხედვით, ამჟამად მისი ქონება 2.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„მე ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას თანამედროვე, თავისუფალი და თავდაჯერებული ჩეხეთის რწმენით. მე ვარ დამოკრატიული კანდიდატი, რომელი ლაპარაკობს სიმართლეს და რომლის მიზანიცაა საზოგადოების ერთობა“, - აცხადებს ის.

ჩეხეთში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის იანვარში გაიმართება. Euronews წერს, რომ მისი გამარჯვების შანსები, საკმაოდ მაღალია და ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით მთავარ ოპონენტს, პეტრ პაველს მხოლოდ 2%-ით ჩამორჩება.

ბექა ბერიაშვილი