"სენტა პეტროლიუმის" წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სასამართლო ჩამორთმეულ ქონებას დაუბრუნებს

კომპანია "სენტა პეტროლიუმის" წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სასამართლო მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს და ჩამორთმეულ ქონებას დაუბრუნებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია "სენტა პეტროლიუმის" ადვოკატმა დავით ასათიანმა განაცხადა, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მათ მიერ წარდგენილი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა მოწმე, ვინც კომპანიის წარმომადგენლებმა მოწმის სახით მტკიცებულებათა ნუსხაში შეიყვანეს, დაიკითხებიან.

"კომპანია "სენტა პეტროლიუმი" "გალფის" ქვეშ მოქმედი კომპანიებისაგან 2011 წელს ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს. ქონებაში იგულისხმება 60-მდე ბენზინგასამართი სადგური და საბითუმო დისტრიბუციისათვის საჭირო საშუალებები. აღნიშნული ქონება თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის უშუალო მონაწილეობით, მუქარის შედეგად, არაადეკვატურ ფასებში გადაეცა კომპანია "გალფს", - განაცხადა კომპანიის ადვოკატმა.

მისივე თქმით, კომპანია "გალფში" საგამოძიებო ორგანოების შესვლასა და მათ სარჩელს შორის კავშირს ვერ ხედავს. კომპანია "სენტა პეტროლიუმის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ზაალ იაკობიძის ინფორმაციით, "სენტა პეტროლიუმის" ქონების ჩამორთმევის პროცესში დავით კეზერაშვილთან ერთად საქმეში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ. "კეზერაშვილი მეუბნებოდა, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და რომ მასთან ერთად იყვნენ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ამის დასტურად, რომ ის მარტო არ მოქმედებდა, მე ციხეშიც კი ჩამსვეს", - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

მისივე ინფორმაციით, ქონება რომელზეც დავა მიმდინარეობს ერთი წლის წინ დაყადაღდა. "ქონება დაყადაღებულია ერთი წლის წინ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ "გალფმა" დაყადაღების განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა", - განაცხადა ზაალ იაკობიძემ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კომპანია "სენტა პეტროლიუმი" ბაზარზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შექმნის შემდეგ მიიღეს.