საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელმა - აქსელმა - სტარტაპ თენეოში ინვესტიცია განახორციელა

აქსელმა, საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელმა, პირველი სინდიკატირებული ინვესტიცია განახორციელა ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპ თენეოში.

ინვესტიცია მოჰყვა აქსელის საერთაშორისო ბიზნეს ანგელოზთა სამიტს, რომელიც თბილისის მერიასთან თანამშრომლობითა და საქართველოს ბანკის, ვიზასა და გრანთ თორნთონის მხარდაჭერით ჩატარდა. სამიტზე თენეო ერთ-ერთი იყო ათ სტარტაპს შორის, რომლებიც ინვესტორების წინაშე წარსდგნენ.

თენეო ანა რობაქიძისა და მარია დოლიაშვილის მიერ დაარსებული სტარტაპია და მუშაობს კონტენტის შექმნის პროცესის ავტომატიზებაზე, რათა დეველოპერებმა სწრაფად შეძლონ მაღალხარისხიანი ინტერაქციული API (application programming interface) დოკუმენტაციის აგება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თენეო ამერიკული სტარტაპ აქსელერატორ Y Combinator-ის 2022 წლის ზამთრის პროგრამის მონაწილე გახდა.

“მოხარული ვართ, რომ შევძელით, ჩვენი წევრებისთვის მიგვეცა საშუალება, ინვესტირება განეხორციელებინათ API დოკუმენტაციის არაჩვეულებრივ ხელსაწყოში, რომელიც დეველოპერებისა თუ გუნდის არატექნიკური წევრებისთვის საქმეს წარმოუდგენლად აადვილებს. ჩვენ, ასევე, ძალიან დიდი ნდობით ვართ განწყობილნი ქართველი სტარტაპერების, ანასა და მარიას მიმართ, რომლებიც თენეოს გლობალური მასშტაბით წარმატებულ პროექტად აქცევენ,” - ამბობს აქსელის მმართველი დირექტორი, თათული ოქრიაშვილი.

Theneo ძალიან მადლიერია, რომ აქსელი Cartool-თან კოლაბორაციით მხარს უჭერს და თანადგომას უცხადებს ჩვენს სტარტაპს. აქსელი, ისევე როგორც Theneo, პირველ ნაბიჯებს დგამს. დიდი იმედებითა და ინტერესით ველოდებით იმ ერთობის ხილვას, რომელსაც მომავალში შევქმნით”. - ამბობს ანა რობაქიძე, თენეოს თანადამფუძნებელი და აღმასრულებული დირექტორი.

2021 წლის ივნისიდან დღემდე, აქსელის წევრებსა და პარტნიორებს არაერთი ინდივიდუალური ინვესტიცია განუხორციელებიათ სხვა ქართულ სტარტაპებში, თუმცა თენეოს შემთხვევა არის პირველი, როცა ჩეკი გამოწერა სინდიკატმა - ანგელოზ ინვესტორთა გუნდმა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ აქსელისთვის, არამედ, ზოგადად, საქართველოში ანგელოზ ინვესტირებისა და ქვეყნის ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემისთვის.

აქსელი, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, უკვე 50-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.

ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართველ მეწარმეებში ჭკვიანი ფულის ინვესტირების ფასილიტაციით.

2021 წლის დეკემბრიდან, აქსელი ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) წევრია.