დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება

დეკლარაციის შევსება პირველი აპრილიდან დაიწყება და დაუბეგრავი მინიმუმი სამი თვის ვადაში ჩაირიცხება.

ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 2014 წელს არსებული წესების მიხედვით მოხდება. გასულ წელს მოქალაქეებს, შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმი შემდეგი წესების გათვალისწინებით უბრუნდებოდათ: თუ მოქალაქის მიერ 2013 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი 6000 ლარს არ აღემატებოდა, მოქალაქეს უფლება ჰქონდა გამოექვითა დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი და მოეთხოვა აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება.

კერძოდ, თუ მოქალაქის მიერ 2013 წელს ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 1800-დან 6000 ლარი იყო, მოცემულ შემთხვევაში მოქალაქეს უფლება ჰქონდა, დაებრუნებინა 360 ლარი, ხოლო თუ შემოსავალი 1800 ლარამდე იყო, დაბრუნებას კონკრეტული თანხის 20 პროცენტი ექვემდებარებოდა.