რა მექანიზმები არსებობს საწვავის ფასის შესამცირებლად

საწვავის ფასის დასარეგულირებლად, შესაძლოა, სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მთავრობა პროცესს აკვირდება და „სიტუაციიდან გამომდინარე“, გადაწყვეტილებებს „მყისიერად“ მიიღებს.

როგორც „სენტას“ დირექტორი ზაალ იაკობიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, მინისტრის განცხადება მეტ კონკრეტიკას მოითხოვს. თუმცა, ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს ჩართულობა მხოლოდ ორი მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ. კერძოდ, ზაალ იაკობიძის თქმით, იმისთვის, რომ საწვავის ფასი აღარ გაიზარდოს (შესაძლოა, შემცირდეს კიდეც), აქციზის და ასევე დღგ-ს შემცირება ის ორი მექანიზმია, რომლის გამოყენებაც სახელმწიფოს შეუძლია.

„მე ვფიქრობ, უნდა იყოს დაკონკრეტებული, რა საშუალებების გამოყენებაზეა საუბარი და რაში გამოიხატება სახელმწიფოს ჩართულობა. თუ ეს ნიშნავს აქციზის შემცირებას, ეს არის ქმედითი საშუალება. თუმცა, გაწერილი უნდა იყოს კონკრეტულად სამოქმედო გეგმა.

მე ვფიქრობ, რეალურად არსებობს ორი მექანიზმი, ეს არის აქციზის და ასევე, დღგ-ს შემცირება, რომელიც შეიძლება განვიხილოთ. ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე ქმედითი საშუალება.

რაც შეეხება ფასებს, უნდა შევხედოთ საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს. თუ ფასი არ გაიზარდა, ამ დაშვებით და ზემოთ აღნიშნული მექანიზმებით, შესაძლებელია ფასის შემცირებაც, თუმცა თუ მსოფლიო ბაზარზე ფასი მაინც გაიზარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ფასის შეკავება გაჭირდება და დროებით ეფექტი ექნება“,- განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

ნინი ქეთელაური